23 აპრილი 2024,   17:45
ვრცლად
8 გარდაცვლილი - ღორის გრიპის გავრცელების დონე იზრდება, კლინიკებში კი კარანტინი გამოცხადდა

ღორის გრიპის გავრცელების დონე საქართველოში კრიტიკულად მაღალია. საავადმყოფოებში კარანტინი გამოცხადდა. პირბადის ტარება კლინიკებში სავალდებულო ხდება. რუსთავის საავადმყოფო ერთ-ერთი პირველია, სადაც ღორის გრიპის გამო კარანტინი გამოცხადდა. შეზღუდვები ადმინისტრაციამ ქვეყანაში H1N1 ვირუსის სწრაფი გავრცელების გამო შემოიღო. საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციებით დაავადებული პაციენტების მიმართვიანობამ ბოლო დღეებში მოიმატა.

მნახველების შესვლა შეზღუდულია ბავშვთა საავადმყოფოში, სადაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ვირუსული ინფექციებით დაავადებული ბავშვების მიმართვიანობა, თითქმის, სამჯერ გაიზარდა.

მძიმეა ორი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც იაშვილის კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში მკურნალობენ. საავადმყოფოს სეზონის განმავლობაში რესპირატორული ინფექციის დაავადებით 49 ბავშვმა მიმართა. ყველა H1N1 ვირუსით იყო ინფიცირებული.

ბოლო მონაცემებით, H1N1 ვირუსის შედეგად ქვეყანაში 8 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 4 შემთხვევა აჭარაში დაფიქსირდა. ყველა გარდაცვლილს ქრონიკული დაავადება ჰქონდა და გრიპის ვირუსმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.

დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ახლანდელი მდგომარეობით, გრიპის ეპიდემიის საფრთხე არ არსებობს. მოქალაქეებს კი მოუწოდებენ, რომ პირველი სიმპტომების გამოჩენისთანავე მიმართონ ექიმს. 

დღის ამბები