18 აპრილი 2024,   23:36
ვრცლად
"ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო" - გია ვოლსკი კომიტეტიდან გედევან ფოფხაძის გაწვევაზე

ირაკლი კობახიძე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს რამდენიმე საათის განმავლობაში ხვდებოდა. შეხვედრას პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკიც, ესწრებოდა.

დეპუტატი ფრაქცია ქართული ოცნების იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ეკა ბესელიას მხარდამჭერ გედევან ფოფხაძე იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გაიწვიეს. გია ვოლსკის შეფასებით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო.

მმართველ გუნდში მიმდინარე დაპირისპირებას გია ვოლსკი "კრიზისს" არ უწოდებს.

„კრიზისს ამას ვერ დავარქმევთ. არის ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ახასიათებს ქართულ ოცნებას - თემები არ არის, რაც გარეთ არ გამოდის და ვფიქრობ, ეს სწორია. გამჭვირვალობის ეს ხარისხი, ხშირ შემთხვევაში, საკმაოდ სკანდალურად არის წარმოჩენილი. ეს თემა მართლაც მნიშვნელოვანია, რომელიც მოსამართლეებს ეხება და კომიტეტში დანიშვნის, არჩევის საკითხებს ეხება. ამასთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრებაც არის ის, რომ გარკვეული პროცედურული დარღვევებიც იყო და ვფიქრობ, პოლიტიკურადაც არასწორი იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ფრაქციასთან შეუთანხმებლად. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ფრაქციამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო,“ -  განაცხადა გია ვოლსკიმ.

ქართული ოცნების ლიდერებს შორის ბოლო დაპირისპირება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სიას მოჰყვა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა და თქვა, რომ მიზეზი სწორედ უვადო მოსამართლეთა სიაში მყოფი კანდიდატები გახდნენ.

ეკა ბესელიას განცხადებას "არალოგიკური" უწოდა პარლამენტის თავმჯდომარემ. სწორედ ამის შემდეგ მმართველი გუნდი რამდენიმე ბანაკად გაიყო. ბესელიას მომხრეები,  მოწინააღმდეგეები და დეპუტატები, რომლებიც არც ერთ ჯგუფს არ მიეკუთვნებიან.

ბესელიას გადადგომის შემდეგ კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ეკა ბესელიას გუნდის წევრი, გედევან ფოფხაძე, აირჩიეს, თუმცა, ფრაქცია ქართული ოცნების წევრებმა ბესელია რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ ფოფხაძე კომიტეტიდან საერთოდ გაიწვიეს.  

დღის ამბები