19 აპრილი 2024,   04:21
ვრცლად
სტიქია ბათუმში - ლითონის კონსტრუქციის ჩამოვარდნას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ბათუმში სტიქიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. 52 წლის მამაკაცი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში შუადღეს გარდაიცვალა.

მერიის თანამშრომელს, იოსებ შერვაშიძეს, ძლიერი ქარის დროს რკინის კონსტრუქცია დაეცა და ძლიერად დაშავდა. დაშავებულს მრავლობითი ტრავმები ჰქონდა თავის, გულმკერდისა და მუცლის არეში, რის გამოც მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა.

ლითონის კონსტრუქციამ სტიქიის დროს კიდევ ერთი ადამიანი დააზიანა. ქარმა სახურავი კორპუსს ჭავჭავაძის ქუჩაზე გადახადა, რომელმაც აჭარის ტელევიზიის ოპერატორიც მოიყოლა. ის შედარებით მსუბუქად დაშავდა.

ყველაზე მეტად ძლიერი სტიქიისგან ჭავჭავაძის ქუჩა დაზიანდა. საცხოვრებელ სახლს ქარმა ჯერ სახურავის ერთი ნაწილი მოგლიჯა, ცოტა ხნის შემდეგ კი მთლიანად გადახადა. ლითონის კონსტრუქციამ ქუჩაში ავტომობილები დააზიანა და ტრანსპორტის მოძრაობა შეაფერხა. გადახდილი კორპუსის საცხოვრებელ სახლებში წვიმის წყალი ჩავიდა.

ადგილობრივებს პრეტენზიები იმ კომპანიის მიმართ აქვთ, რომელმაც სახლის გადახურვის სამუშაოები შეასრულა. მათი თქმით, სტიქიამ სახურავი სახლს ადრეც გადახადა, კომპანიამ კი არასწორად გადახურა.

ბათუმის სამაშველო სამსახურში 22 ზარი შევიდა. სტიქიის ადგილზე, მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

ადგილობრივებისთვის მიყენებულ ზარალს სპეციალური კომისია დაითვლის და კომპენსაციის საკითხსაც გადაწყვეტს.

 

ავტორი: თეა ვაშალომიძე

დღის ამბები