19 აპრილი 2024,   14:45
ვრცლად
მიწას, რომელიც დიცელმა გლეხმა ოკუპანტების მართულხლართებისგან 80 წლის დედასთან ერთად დაიცვა, იუსტიციის სამინისტრო არ აკანონებს

სოფელ დიცის მკვიდრი იუსტიციის სამინისტროს ოკუპანტი ქვეყნის სასარგებლო ქმედებებში ადანაშაულებს.

ილია ბერუაშვილს საკუთარი ნაკვეთის დარეგისტრირებაზე უარს საჯარო რეესტრი ეუბნება და ამის მიზეზად სადაო მიწის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობას ასახელებს.
გორის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ უკვე გამოიტანა. ვის მხარესაა სიმართლე - საქმე ახლა უკვე სააპელაციომ უნდა გადაწყვიტოს.

ილია ბერუაშვილი ამტკიცებს, რომ საკუთრების დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი აქვს, თუმცა მიწის რეგისტრაციაში ხელს იუსტიციის სამინისტრო უშლის.

მიწის დარეგისტრირება დიცელმა გლეხმა სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამაში – "დანერგე მომავალი" ჩართვისთვის და იშვიათი ჯიშების მოსაყვანად გადაწყვიტა. ნაკვეთი მისი თქმით, ჯერ კიდევ 2004 წელს დაარეგისტრირა, თუმცა ეს ელექტრონულ ბაზაში აღნიშნული არ არის, ამიტომ ხელახალი რეგისტრაცია დასჭირდა.

საჯარო რეესტრს ილია ბერუაშვილმა გორის რაიონულ სასამართლოში უჩივლა, მოსარჩელის თქმით, საკუთარი არგუმენტის დამტკიცებას საჯარო რეესტრი პროცესზე რუსული რუკების შესაბამისად ცდილობდა. ილია ბერუაშვილის სასარგებლო გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

მიწის ნაკვეთი, რომელზეც ილია ბერუაშვილი ახლა იუსტიციის სამინისტროსთან დავობს, რამდენიმე წლის წინ ოკუპანტებისგან საკუთარი ძალებით დაიცვა. 

ტანკებით მისული რუსი სამხედროები სოფლის სასაფლაოზე მავთულხლართის გაბმას აპირებდნენ, სადაც ბერუაშვილის მამაც არის დაკრძალული. მავთულხლართის მიღმა სადავო ნაკვეთიც მოჰყვებოდა. ილია ბერუაშვილმა თავისი მიწა არ მიატოვა და რუს ოკუპანტებს საზღვრის აღმნიშვნელი არანაირი ნიშნის – არც მავთულხლართის და არც ბანერის დადგმის საშუალება არ მისცა, მასთან ერთად, საკუთარ მიწას ბერუაშვილის 80 წელს გადაცილებული დედაც იცავდა.

ავტორი:იზო ჩუბინიძე

დღის ამბები