22 აპრილი 2025,   21:17
ვრცლად
ფიზიკური დაპირისპირება ახალციხეში - სკოლის მოსწავლეებს თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზრდასრული მამაკაცები დაესხნენ

სასტიკი თავდასხმა არასრულწლოვნებზე - სკოლის მოსწავლეებს თავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზრდასრული მამაკაცები დაესხნენ.

ახალციხის საჯარო სკოლის მოსწავლეები ახალი წლის ღამეს ერთ-ერთი თანაკლასელის სახლში აღნიშნავდნენ, როდესაც 16 წლის მოზარდებმა კლასელის სახლი დატოვეს და ქუჩაში გამოვიდნენ, მათ თავს ოცდაათამდე ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი დაესხა.

ზრდასრულმა მამაკაცებმა ბავშვებს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, მასპინძელს ორივე ხელი მოტეხეს, ხოლო გაქცეულ მოსწავლეებს დაედევნენ და მათ მოპირდაპირე დიდიმამიშვილის ქუჩაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მძიმე დაზიანებები სულ სამ მოსწავლეს მიაყენეს.

ბიჭი, რომელსაც ორივე ხელი აქვს მოტეხილი, ამ დრომდე მკურნალობს, ერთი დაშავებული, რომელსაც ყბის ძვალი აქვს მოტეხილი საავადმყოფოში რჩება, ერთი მოსწავლე კი საავადმყოფოდან გუშინ გამოწერეს.

დაპირისპირების მიზეზზე ადგილობრივები ვერ საუბრობენ, ისინი თავდასხმის მოტივის დადგენას შს სამინისტროსგან ითხოვენ. მათივე მოთხოვნაა ჩატარდეს ობიექტური და დროული გამოძიება.

დაშავებული მოზარდების მშობლებს კითხვები საგამოძიებო უწყებასთან აქვთ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ქუჩის კამერებიდან ამოღებულ ვიდეოკადრებში ყველა თავდამსხმელი იდენტიფიცირებულია, თუმცა ისინი არ დაუკავებიათ.

გამოძიება 126-ე ძალადობის მუხლითაა დაწყებული, თუმცა როგორც ირკვევა, სამართალდამცველები, მხოლოდ დიდიმამიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტზე მუშაობენ. მასპინძლის ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ გამოძიება არ ინტერესდება დაადგინოს, ვინ და რატომ მოატეხა მათ შვილს ორივე ხელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში კი აცხადებენ, რომ  არასრულწლოვანის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ა, ბ და გ ქვეპუნქტებით დაიწყო.

შს სამინისტროს ინფორმაციით კი გამოძიების ფარგლებში 7 იანვარს მშობლის თანდასწრებით გამოიკითხა არასრულწლოვანი. არასრულწლოვანის დაზიანებების შესახებ პოლიციისთვის არც მშობლებს და არც სამკურნალო დაწესებულებას არ მიუმართავს.

უწყების ცნობით, საავადმყოფოში მყოფმა არასრულწლოვანმა და მისმა ახლობლებმა დაზიანების მიზეზად ყინულზე დაცემა დააფიქსირეს.

"ახალციხის პოლიციაში ასევე მიმდინარეობს გამოძიება 2 იანვარს დიდიმამიშვილის ქუჩაზე სიტყვიერ და ფიზიკური დაპირისპირებაზე. გამოძიება სსკ-ის 126 მუხლით მიმდინარეობს...აღსანიშნავია, რომ ორივე ფაქტის შესახებ გამოძიების მიმდინარეობისას არასრულწლოვანები აქტიურად არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან."-ნათქვამია განცხადებაში.

დღის ამბები