23 აპრილი 2025,   08:55
ვრცლად
ისტორიული მოვლენა - ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებას ურჩევს 

„ეს არის უზარმაზარი მოვლენა უკრაინული სახელმწიფოსთვის, უკრაინელი ხალხისთვის,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს.

დავით ბაქრაძე უკრაინელ ხალხს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის გამოცხადებას ულოცავს და ამბობს, რომ ეს სახელმწიფოებრივად დიდი მნიშვნელობის მატარებელი მოვლენაა.  დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ამ საკითხთან მიმართებაში მმართველი გუნდის დამოკიდებულება გაურკვეველია.  

„უკრაინისთვის ეს არის ისეთივე მნიშვნელობის სახელმწიფოებრივი მოვლენა, როგორიც საქართველოსთვის იყო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენა. ამიტომ, ბუნებრივია და რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებებს იღებენ სასულიერო პირები, წმინდა სინოდი და მსოფლიო ეკლესია, მაგრამ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან, ეს არის უზარმაზარი მოვლენა უკრაინული სახელმწიფოსთვის, უკრაინელი ხალხისთვის. ამიტომ, მინდა მთელი გულით მივულოცო მათ ეს მოვლენა, ეს მიღწევა და ძალიან დიდი სინანული გამოვთქვა, რომ ჩვენი ხელისუფლება ან ვერ ხედავს ამ პროცესის და ამ მოვლენის სახელმწიფოებრივ და ისტორიულ მნიშვნელობას, ან ხედავს, მაგრამ ზოგიერთი ფაქტორის, მაგალითად რუსეთის მორიდების გამო ვერ ბედავს საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს ამ ამბავზე,“ - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ ურჩევს გაიზიაროს უკრაინის ხელისუფლების მოწოდება და აღიაროს უკრაინის ავტოკეფალია.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ამ მოვლენას გავლენა რეგიონზე და საქართველოზეც ექნება.

„ამ ჭრილში, სასიცოცხლოა, მე ვიტყოდი, რომ საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღიაროს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის დამოუკიდებლობა და დადგეს უკრაინელი ხალხის მხარეს, სწორ მხარეს, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის პოზიციებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. მაგრამ, ასევე საგანგაშოა, როცა საქართველოს ხელისუფლებას დღემდე არ გამოუხატავს მხარდაჭერა და არ მიულოცია უკრაინელი ხალხისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შევახსენებ, რომ ეს არ ეხება მხოლოდ ეკლესიებს შორის ურთიერთობებს. ეს ეხება თავისუფლებისთვის ბრძოლას ჩვენი საერთო მტრის წინააღმდეგ,“ - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

შეგახსენებთ, რომ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალია მიენიჭა. ამგვარად ევროპის 50 მილიონიანი ქვეყნის მართლმადიდებელი ეკლესია დამოუკიდებელი გახდა რუსეთის საპატრიარქოსგან. 

დღის ამბები