25 აპრილი 2024,   01:11
ვრცლად
მოსამართლეთა სია და უთანხმოება მმართველ პარტიასთან - ეკა ბესელია „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს   

ეკა ბესელია პოზიციებს არ თმობს და „ქართულ ოცნებას“ ულტიმატუმს უყენებს. პარტიის წევრმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იმ სიის გაწვევა მოითხოვა, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ განხეთქილების მიზეზი გახდა. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ ბრძოლას გააგრძელებს და მისი ეს პოზიცია არ შეიცვლება. მოთხოვნას ბიძინა ივანიშვილის ჩარევის შემთხვევაშიც არ შეცვლის.

ეკა ბესელიამ დღეს მმართველ პარტიასთან დაპირისპირების დეტალებიც გაიხსენა. ის ამტკიცებს, რომ განხეთქილება ჯერ კიდევ თვეების წინ, სასამართლოს რეფორმის მეოთხე ტალღის ინიცირების შემდეგ დაიწყო. იურიდიული კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ამბობს, რომ სწორედ მისი მკვეთრი პოზიციის გამო წამოიწყეს კობახიძე-მდინარაძე- ზარდიაშვილის ჯგუფმა ბრძოლა და კომიტეტის თავმჯდომარეობიდან მისი ჩამოშორება გადაწყვიტეს.

ირაკლი კობახიძემ ეკა ბესელია ჯერ კიდევ განცხადების გაკეთებამდე გააფრთხილა, არ დაეშვა შეცდომა და გუნდის წინააღმდეგ არ წასულიყო. სანაცვლოდ, უმრავლესობიდან მისი გაშვებაც არ გამორიცხა. 

ირაკლი კობახიძემ განცხადებაში დღეს კიდევ ერთხელ ღიად თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ ბრძოლაში ე.წ. ახლების გუნდის გვერდით დგას.

პარტიის თავმჯდომარის პოზიცია რომ გადამწყვეტი იქნება, ამას ადასტურებს ეკა ბესელიაც. თუმცა ე.წ. ძველების გუნდი ბიძინა ივანიშვილს ღია ეთერით მიმართავს და წინასაარჩევნო დანაპირებს ახსენებს.

ეკა ბესელია ბრძოლის გაგრძელებას აანონსებს. ჯერ არ აკონკრეტებს ვინ იქნება მის გუნდში, თუმცა გარიცხავენ თუ დატოვებს უმრავლესობას ახალ ფრაქციას რომ შექმნის, ამას არ უარყოფს. მისი ღია მხარდამჭერები გედევან ფოფხაძე, ლევან გოგიჩაიშვილი, რუსლან პოღოსიანი და უმრავლესობიდან გარიცხული დეპუტატი დავით ჭიჭინაძე არიან.

ავტორი: თამთა ჯიქია, თამთა ჩიტიშვილი. 

 

დღის ამბები