25 აპრილი 2024,   13:11
ვრცლად
"ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიცია ექნება ფრაქციასაც და უმრავლესობასაც" - ეკა ბესელია

ქართული ოცნების ე.წ. ახლების გუნდის კახეთში გამართულ შეკრებას ეკა ბესელია და მისი თანამოაზრეები ეხმაურებიან.

ბესელიას თქმით, არ გაჰკვირვებია, კაჭრეთში გამართული შეხვედრის შესახებ რომ არ ჩააყენეს საქმის კურსში.

ბესელია ამბობს, რომ მისი და მისი თანამოაზრეების სამომავლო ნაბიჯები იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ე.წ.ახლების გუნდი მოსამართლეების სიასთან დაკავშირებით.

ბესელია პარლამენტიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გამსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის უკან გაწვევას ითხოვს.

„ჩვენი შემდგომი ნაბიჯები დამოკიდებულია იმაზე, რა პოზიცია ექნება ფრაქციასაც და უმრავლესობასაც. თუ მოხდება ჩვენი პოზიციების ერთ შეთანხმებულ საკითხამდე მისვლა, შესაძლებელია, გავაგრძელოთ ეს პროცესი ჯანსაღად. თუ იქნება რადიკალური განსხვავება, ამის შემდეგ განვიხილავ შემდეგ ნაბიჯებს,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ეკა ბესელია ასევე გამოდის ინიციატივით, რომ შედგეს უმრავლესობის სხდომა, სადაც დასწრება და დაპირისპირებასთან დაკავშირებით კითხვების დასმის შესაძლებლობა მიეცემა.

ეკა ბესელიას თანამოაზრე გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ მას ბოლო პერიოდში ხშირად ჰქონია გუნდისგან განსხვავებული პოზიცია, რის დაფიქსირებასაც არ მორიდებია. ფოფხაძე ოცნებას მოუწოდებს, რომ საზოგადოებასთან კონტაქტი არ დაკარგონ და ხალხს არ გაემიჯნონ.

„მე საერთოდ არ მაქვს იმის პრობლემა, თუ ვინმეს უნდა, რომ გამემიჯნოს. მე ერთი წლის თუ უფრო დიდი ხნის წინ დავაფიქსირე ჩემი განსხვავებული პოზიცია გუნდის ბევრ საკითხთან დაკავშირებით. მერე დროში ამას დაემთხვა ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება პოლიტიკაში. მე მიმაჩნია, რომ მთავარი არის, ქართული ოცნება ხალხს არ გაემიჯნოს, თორემ მე თუ გამემიჯნება, მე ჩემს გზას ვიპოვი,“ - განაცხადა ფოფხაძემ.

დღეს კაჭრეთში ქართული ოცნების ე.წ. ახლების გუნდის დახურული შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ, თუმცა სავარაუდოა, რომ განხილვის მთავარი თემა ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვა იყო. 

დღის ამბები