ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებას პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნების წევრი, ზაქარია ქუცნაშვილი, ეხმაურება.
დეპუტატის თქმით, მმართველი გუნდის წევრმა ნებისმიერი სახის გადაწყვეტილება თვითონ, დამოუკიდებლად უნდა მიიღოს.
ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ნებისმიერი დეპუტატის წასვლასთან დაკავშირებით პარლამენტში გადაწყვეტილება ხელმძღვანელმა არ უნდა მიიღოს.
„უმრავლესობაში საკადრო ცვლილებები შეიძლება, დაკავშირებული იყოს მხოლოდ საპარლამენტო თანამდებობებთან, ანუ ვის აირჩევს პარლამენტი მომავალი კომიტეტის თუ ფრაქციის თავმჯდომარეებად, ან ვის გადაირჩევს. ასე რომ, პარლამენტი, მოგეხსენებათ, არ წარმოადგენს ვერტიკალური ხელისუფლებების განშტოებას, სადაც უფროსის ნებაზეა დამოკიდებული მისი მოადგილის თუ ხელქვეითის საკითხი,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
დღეს კაჭრეთში ქართული ოცნების ე.წ. ახლების გუნდის დახურული შეხვედრა გაიმართა. ოფიციალური ინფორმაციით, გაფართოებულ შეხვედრაზე სამომავლო გეგმებზე მსჯელობენ, თუმცა სავარაუდოა, რომ განხილვის მთავარი თემა ეკა ბესელიას პარტიიდან გარიცხვა იყო.