24 აპრილი 2024,   21:04
ვრცლად
გრიპის ვირუსით გარდაცვალების შემთხვევები იზრდება - სკოლებსა და ბაღებში შესაძლოა, არდადეგები გახანგრძლივდეს

გრიპის ვირუსის გართულების გამო, გორსა და ოზურგეთში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ექიმები ორივე შემთხვევაში ფატალური შედეგის სავარაუდო მიზეზად გრიპის სიმპტომებით სამედიცინო დაწესებულებაში დაგვიანებულ მიმართვას და ვირუსის პარალელურად, ქრონიკულ დაავადებებს ასახელებენ.

H1N1 შტამის გავრცელების გამო, ქვეყნის ყველა დიდ კლინიკაში დილიდან კარანტინი გამოცხადდა. სამედიცინო დაწესებულებები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. კლინიკებში აცხადებენ, რომ მედიკამენტ ტამიფლუს მარაგი არსებობს და მობილიზებულია მედპერსონალი.

დილიდან საგანგებო რეჟიმში დაიწყო მუშაობა დედაქალაქში ჯანდაცვის პირველმა რგოლმა. თბილისის 5 რაიონში ოჯახის ექიმები პაციენტებს 24-საათიან მომსახურებას გაუწევენ.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ ვირუსის სიმპტომების შემთხვევაში არ მიმართონ 112-ს და თავად მივიდნენ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში ოჯახის ექიმთან.

ე.წ. ღორის გრიპი შესაძლოა, სკოლებსა და ბაღებში ზამთრის არდადეგების გახანგრძლივების მიზეზი გახდეს. ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროები ერთობლივ გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებენ.

ბოლო ინფორმაციით, ლაბორატორიულად დადასტურებული H1N1-ის 162 შემთხვევა დაფიქსირდა. გარდაცვლილია სულ 13 მოქალაქე, მათგან ლაბორატორიულად 10 დადასტურა.  

 

 

ავტორები: იზო ჩუბინიძე, ლადო მენაბდე.

ამავე თემაზე
დღის ამბები