20 აპრილი 2024,   07:08
ვრცლად
საპრეზიდენტო არჩევნები იყო ნახტომი უკან - ანალიტიკოსები „ეკონომისტის“ ანგარიშს ეხმაურებიან

„საქართველომ დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა. გასული წლის საპრეზიდენტო არჩევნები იყო რამდენიმე ნაბიჯით უკან ნახტომი“ - ასეთ შეფასებებს აკეთებენ „კურიერთან“ ანალიტიკოსები. ისინი გავლენიანი ჟურნალ „ეკონომისტის“ ანგარიშს  ეხმაურებიან, რომლის მიხედვითაც, საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი ვარდნის მაპროვოცირებელი გახდა.

ექსპერტები საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ინდექსის ვარდნას მოელოდნენ, რადგან მათი შეფასებით, რაც განსაკუთრებით მეორე ტურის შემდეგ გამოიკვეთა.

ანალიტიკოსების თქმით, საქართველოს დემოკრატიული ინდექსი კატასტროფულად დაეცა.

„მოხდა სამწუხაროდ ისე, რომ ქართულმა მმართველმა ელიტამ ვერ გაუძლო იმ ელემენტარულ ტესტს, რასაც ერქვა არჩევნები და ჩვენ მივიღეთ კატასტროფული ვარდნა. „ეკონომისტის“ დემოკრატიის ინდექსი არის ყველაზე ამომწურავი და სერიოზული მსოფლიოში. ამას უყურებს ყველა, უყურებენ კერძო ინვესტორები, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების მთავრობები და ეს, ალბათ, უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაზე უარყოფითად აისახება,“- განაცხადა საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის (GSAC) დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ.

ექსპერტების განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა ნათლად აჩვენა, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც ვალების განულებასაც გულისხმობს, რაზეც „ეკონომისტის“ კვლევაშიც არის საუბარი.

„მოსალოდნელი იყო. ბოლო არჩევნებმა აჩვენა მშვენივრად, რომ, პრაქტიკულად, ეს იყო ნახტომი უკან, განსაკუთრებით მეორე ტურმა აჩვენა. აშკარად იყო ნიშნები, როგორც ამომრჩევლის მოსყიდვისა, საბანკო ვალების ჩამოწერა, ისე პირადად ჩემთვის „ქართული ოცნების“ ისტორიაში აშკარად ჩანდა, რომ იყო მცდელობები და სურვილებიც, რომ შედეგი დამდგარიყო სხვა,“- განაცხადა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორმა, პაატა ზაქარეიშვილმა.

ანალიტიკოსები არ გამორიცხავენ, რომ ინდექსის ვარდნა სხვა შემთხვევებშიც გამოვლინდეს.

„ის, რომ საქართველოს დემოკრატიის ინდექსის ვარდნა იქნებოდა, ამ არჩევნების შემდეგ მოსალოდნელი იყო. ანალოგიურად, სხვა ინდექსებში, რომელიც არსებობს საქართველოს დემოკრატიის მაჩვენებლები გაუარესდება,“- განაცხადა ”მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის” თავმჯდომარემ, გია ნოდიამ.

საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოსთვის დემოკრატიის ინდექსის მკვეთრი ვარდნის მაპროვოცირებელი გახდა - გავლენიანი გამოცემა „ეკონომისტი“ კვლევის შედეგებს აქვეყნებს, სადაც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის საქართველო მნიშვნელოვნად გაუარესებული პოზიციაზეა.

დღის ამბები