19 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით გამოთქმულმა პოზიციამ უბიძგა გუნდს მსჯელობისკენ -ნაცვლიშვილი ივანიშვილის განცხადებაზე

მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის განცხადებას და გუნდის წევრების კრიტიკას პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ეხმაურება.

ბექა ნაცვლიშვილმა დღეს პარტიის თავმჯდომარის განცხადების შემდეგ თქვა, რომ მოსამართლეთა სიასთან დაკავშირებით დიალოგის გამართვა აუცილებელია. თუმცა, რამდენიმე დღის წინ ნაცვლიშვილს გაცილებით მკაცრი პოზიცია ჰქონდა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მაშინ ნაცვლიშვილი ამბობდა, რომ მოსამართლეთა სიის დამტკიცების შემთხვევაში ის საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობას დატოვებდა.

„მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ ჩვენმა ღიად გამოთქმულმა პოზიციამ ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული თვალსაზრისით უბიძგა გუნდს მსჯელობისკენ. მიუხედავად იმისა, რომ აქ ითქვა, რომ გარკვეული თვალსაზრისით თითქოს რიგმა დეპუტატებმა მოვახდინეთ ამ საკითხის პოლიტიკური ქულებისთვის ჩაწერის მიზნით ინსტრუმენტალიზაცია, მე პირადად მიმაჩნია, რომ ასეთ საკითხზე ღიად და საჯაროდ უნდა გამეკეთებინა მყისიერი რეაგირება და ამიტომ გავაკეთე ეს. ეს თუ გარკვეული თვალსაზრისით გახდა ინდიკატორი იმისა, რომ უფრო მეტად და ინტენსიურად დავფიქრებულიყავით ამ საკითხზე, ეს არის ძალიან კარგი,“ - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უვადოდ განსამწესებელ მოსამართლეთა 10-კაციანი სიის წარდგენას მოჰყვა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სიის უკან გაწვევას და ახალი კრიტერიუმების შემუშავებას ითხოვენ. 10-კაციან სიას ბოიკოტი გამოუცხადა  ეკა ბესელიამ, რომელმაც სწორედ აღნიშნული სია დაასახელა იურიდიულ საკითხთა კომიტეტიდან გადადგომის მთავარ მიზეზად.

დღეს კი ეკა ბესელიას ეს გადაწყვეტილება მკაცრად გააკრიტიკა  ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ მისთვის გაუგებარია დეპუტატის ქმედებები და განცხადებები. ივანიშვილის შეფასებით, მმართველმა გუნდმა გონივრული გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მოსამართლეების არჩევის საკითხის განხილვისათვის მეტი დრო დაიტოვა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატები 2018 წლის 24 დეკემბერს დაასახელა. ათკაციან სიაში შედიან : მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე, გიორგი მიქაუტაძე.

ამავე თემაზე
დღის ამბები