თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლს ბრალი წარედგინა. სასწრაფო დახმარების მძღოლისთვის ბრალის წარსადგენად გამომძიებლები საავადმყოფოში მივიდნენ.
საქმეზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია.
დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო ხვალ იმსჯელებს.
სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც კლინიკაში პაციენტი გადაჰყავდა, გუშინ გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა მშენებლობაზე დასაქმებულებს შეეჯახა. ტრაგიკული შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე დილით 8:00 საათზე მოხდა. დარტყმა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ ერთი ახალგაზრდა ადგილზევე გარდაიცვალა, ხოლო 12-მა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, მათ შორის მედპერსონალმაც.
ერთ-ერთი ვერსიით, მძღოლი გადაღლილი იყო და, სავარაუდოდ, ჩაეძინა, რაც ტრაგედიის მიზეზი გახდა.