16 აპრილი 2024,   17:05
ვრცლად
სამგორის ყოფილ გამგებელს თაღლითობაში ადანაშაულებენ - კერესელიძის წინააღმდეგ სარჩელი მისივე ნათესავმა შეიტანა

სამგორის რაიონის ყოფილ გამგებელს თაღლითობაში ადანაშაულებენ. დავით კერესელიძის წინააღმდეგ სარჩელი მისმა ნათესავმა შეიტანა.

იოსებ ფილიშვილმა საგამოძიებო უწყებას ერთი წლის წინ მას შემდეგ მიმართა, რაც მის საკუთრებაში არსებული ერთ-ერთი მიწის ნაკვეთის გასაყიდად იუსტიციის სახლში მივიდა, მიწა კი უკვე გაყიდული და ბიძის სახელზე დარეგისტრირებული დახვდა.

ფილიშვილი 6 მიწის ნაკვეთზე დავობს.

ნაკვეთები, რომელთა საერთო ღირებულება მილიონ ლარს აჭარბებს, კერესელიძემ საეჭვო მინდობილობების საფუძველზე შეიძინა. ყველა დოკუმენტი ნოტარიუსმა ირმა გოგიამ დაამოწმა, რომელიც ყოფილი გამგებლის დისშვილია.

ფილიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სატელეფონო ჩანაწერებით, რომლებიც მათ საგამოძიებო უწყებას წარუდგინეს, დასტურდება, რომ იმ დროს, როდესაც კალოუბნის 14 ნომერში მდებარე სანოტარო ბიუროში მინდობილობა გაფორმდა, იოსებ ფილიშვილი ტერიტორიაზე საერთოდ არ იმყოფებოდა.

დავით კერესელიძე ამტკიცებს, რომ მასსა და იოსებ ფილიშვილს შორის ყველა გარიგება კანონის დაცვით განხორციელდა.

კერესელიძის მთავარი მტკიცებულება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნაა.

დოკუმენტის მიხედვით, 29 მარტით დათარიღებულ მინდობილობაზე იოსებ ფილიშვილის ხელმოწერა ავთენტურია.

საეჭვო გარიგების კიდევ ერთმა ფიგურანტმა ნოტარიუსმა ირმა გოგიამ სატელევიზიო ინტერვიუზე უარი განაცხადა, სატელეფონო კომენტარში კი განმარტა, რომ მინდობილობები კანონის დაცვით გასცა.

6-ვე სადავო მიწის ნაკვეთი დავით კერესელიძემ 2018 წელს შევსებულ დეკლარაციაში დააფიქსირა.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, ყოფილმა გამგებელმა ამ უძრავ ქონებაში ჯამურად მილიონ ლარზე მეტი გადაიხადა. საჯარო რეესტრის შესყიდვის დოკუმენტაციით კი დგინდება, რომ კერესელიძემ თანხა საკუთარ თავს გადაუხადა, რადგან მყიდველიც და გამყიდველიც თავადაა.

6 სადავო მიწის ნაკვეთიდან დღეს ორი დავით კერესელიძეს აღარ ეკუთვნის. შუამთის ქუჩაზე მდებარე მიწა მან გამოძიების დაწყებამდე გაყიდა, ვაზისუბანში მდებარე 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი კი, მას შემდეგ, რაც ფილიშვილმა უჩივლა, საკუთარი დისშვილის - გიორგი გოგელიას, სახელზე გადააფორმა.

სადავო მიწის ნაკვეთები დავით კერესელიძემ სამგორის რაიონის გამგებლად მუშაობის პერიოდში დაირეგისტრირა. საკრებულოს ოპოზიცია მას კორუფციაში მაშინვე ადანაშაულებდა და მის თანამდებობიდან გადაყენებას ითხოვდა. თბილისის მერის გადაწყვეტილებით, კერესელიძემ პოსტი გასული წლის აპრილში დატოვა.

 

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

დღის ამბები