19 აპრილი 2024,   16:30
ვრცლად
ე.წ. კასრების საქმე - მეგის ქარდავას ადვოკატები პროკურატურის ოქროს მოწმეს ცრუ ჩვენების მიცემაში ადანაშაულებენ 

ე.წ. კასრების საქმე შესაძლოა, თავდაყირა დადგეს - სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის, მეგის ქარდავას ადვოკატების მტკიცებით, პროკურატურის მთავარმა მოწმემ, ბაჩანა ბალოიანმა ჯერ გამოძიებას შემდეგ კი სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. 

ახალი მტკიცებულება, რომელიც დაცვის მხარემ მოიპოვა, მთავარი მოწმის ჩვენებას ეჭვქვეშ აყენებს. ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით დასტურდება, რომ პროკურატურის ოქროს მოწმე მის მიერ დასახელებულ დროს მივლინებით აჭარაში იმყოფებოდა. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბალოიანი ცრუ მოწმეა და მან სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ჩვენება ზეწოლის შედეგად მისცა.

სამხედრო პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ბაჩანა ბალოიანი გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ 2012 წლის აგვიტოში ის ზუგდიდში ე.წ. სამალავებში იმყოფებოდა და წამების, გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ეპიზოდებს პირადად ესწრებოდა. ჩვენებაში ბალოიანი იმ მაღალჩინოსნებსაც ასახელებს, რომლებიც კონკრეტულ პირებს აწამებდნენ, მათ შორისაა მეგის ქარდავა და სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი კობა თოდუა.

ბაჩანა ბალოიანის მიმართ გამოძიების დაწყებას სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნის, კობა თოდუას ოჯახიც ითხოვს. მისი ჩვენების საფუძველზე თოდუა უკვე 6 წელია, პატიმრობაში იმყოფება. მას, სასმართლომ მეგის ქარდავასთან ერთად, 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 

წამების, გაუპატიურებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე, თავდაპირველად, 10 პირი დააკავეს. თუმცა უმრავლესობასთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა. დაიწყებს თუ არა პროკურატურა საქმეზე ახალი გარემოებების გამო გამოძიებას, უცნობია.

დღის ამბები