19 აპრილი 2024,   20:35
ვრცლად
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესი - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილი პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის კრიტერიუმებსა და პროცედურებთან დაკავშირებით პარლამენტს ინიციატივით მიმართავენ. 

ინიციატივა საკანონმდებლო ორგანოში ოფიციალურად ხვალ შევა. საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის განმარტებით, ერთ-ერთი მთავარი საკითხი, შერჩევის პროცესის გამჭვირვალობა იქნება.   

„ეს ბრძოლა გაგრძელდება ხვალ. ჩვენ გადავდივართ ახალ ეტაპზე. ახალ პროცედურულ ცვლილებებს წარვუდგენთ საქართველოს პარლამენტს. არ ეგონოს ირაკლი კობახიძეს, რომ შექმნის რაღაც სამუშაო ჯგუფს, დახურავს კარებს და როგორც გადაწერა კონსტიტუცია, ესე ჩუმად გადაწერს შესაბამის კანონმდებლობას. მას ეს აღარ გამოუვა. ჩვენ საკანონმდებლო წინადადებებს შევიტანთ და მოუწევს საქართველოს პარლამენტს მათი განხილვა,“ - განაცხადა ანა დოლიძემ. 

ნაზი ჯანეზაშვილის თქმით, იმისთვის, რომ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანები არ გახდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, მნიშვნელოვანია მოსამართლეთა შერჩევისას გამოცხადდეს კონკურსი. 

„წინადადება მოიცავს რამდენიმე ძირითად ასპექტს. პირველი გახლავთ ის, რომ აუცილებლად გამოცხადდეს კონკურსი, მეორე, აუცილებელი და მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას დამცავი მექანიზმი იმისა, რომ საბჭომ ვიდრე კანდიდატურებს შეარჩევს, იქამდე მოხდეს გადარჩევა ამ კანდიდატურებისა იმ ფორმით, რომ არ მოხვდნენ მასში საეჭვო რეპუტაციის და ისეთი ადამიანები, რომლებიც არ იმსახურებენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ინტერესთა კონფლიქტის მექანიზმები იქნას გაწერილი და დახვეწილი, იმისათვის, რომ საბჭოს წევრები თავად არ მონაწილეობდნენ ამ პროცესში და თავად არ იყვნენ კანდიდატურები,“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.

საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარესთან მსჯელობას გეგმავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე. 

„როგორც შევთანხმდით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხებზე და იქნება ეს კონკურსის წესით თუ სხვა წესით. ღია კონკურსი რას გულისხმობს ეს უნდა დაკონკრეტდეს,“ - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები