24 აპრილი 2024,   16:54
ვრცლად
უკრაინის ავტოკეფალია - პოზიციის დაფიქსირებას წმინდა სინოდი 5 ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის შემდეგ გეგმავს

წმინდა სინოდის 47 წევრიდან მხოლოდ 10-მა მღვდელმთავარმა მიულოცა უკრაინას ავტოკეფალიის მოპოვება. სიონის საპატრიარქო ტაძარში შეკრებილი სასულიერო პირები ამბობენ, რომ ავტოკეფალიასთან დაკავშირებით ისინი წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

სასულიერო პირების ნაწილი ღიად აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ ქართული ეკლესია უკრაინელ ხალხს მიულოცავს.

„მე გამიხარდებოდა, ბუნებრივია, რომ ჩვენი მოძმე უკრაინელი ხალხის ზეიმს ჩვენც შევერთებოდით, მაგრამ ეს გადასაწყვეტია წმინდა სინოდის და სინოდშიც ბევრი არის ამის მომხრე,“ - აღნიშნა დეკანოზმა, რამაზ სიხარულიძემ.

სასულიერო პირების ნაწილი კი ამბობს, რომ ქართული ეკლესიის მხრიდან პოზიციის დაფიქსირება ნაადრევია, რადგან სპეციალურ ბრძანებულებაში, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, საქართველოს ეკლესია რიგით მეექვსეა, რომელმაც უნდა დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. სწორედ ამიტომ, სასულიერო პირები ამბობენ, რომ წმინდა სინოდის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჯერ 5-მა ეკლესიამ უნდა დააფიქსიროს პოზიცია.

„ამ საკითხებზე უპრიანია, ჯერ ალექსანდრიის, ანტიოქიის, იერუსალიმის ეკლესიებმა გამოთქვა თავიანთი პოზიცია, მითუმეტეს ის ტომოსი, რომელიც ახლა გამოიცა, შესწავლის პროცესშია. ასე რომ, საჩქარო აქ არაფერი არ არის. მინდა, ასეთი შენიშვნა გავაკეთო, რომ პოლიტიკური ბატალიების ჭრილში ამ საკითხის განხილვა ყოვლად წარმოუდგენელია, ეს არის სუფთა საეკლესიო საკითხი,“ - განაცხადა დეკანოზმა, ბიძინა გუნიამ.

უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭებიდან და ტომისის გადაცემიდან უკვე 10 დღე გავიდა. თუმცა, მე-10 დღეა, ამ საკითხზე უხერხულად დუმს საპატრიარქოც და ქვეყნის ხელისუფლებაც. არცერთ ოფიციალურ პირს პარტნიორი სახელმწიფოსთვის ისტორიული წარმატება არ მიულოცავს.

დღის ამბები