19 აპრილი 2024,   11:17
ვრცლად
4 ათასი შეწყალებული პრობაციონერი - ოპოზიცია "ოცნებას" არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი სქემის განხორციელებაში ადანაშაულებს

4 ათასი შეწყალებული პრობაციონერი - ოპოზიცია ქართულ ოცნებას არჩევნების გაყალბების კიდევ ერთი სქემის განხორციელებაში ადანაშაულებს.

ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ამტკიცებენ, რომ სწორედ საპრეზიდენტო არჩევნების წინ თეა წულუკიანის დაქვემდებარებულმა უწყებამ, ხმების სანაცვლოდ, სტატუსის მოხსნის პირობა გასცა.

პრობაციის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდიდან მონაცემები დღეს დილით გაქრა. თეა წულუკიანის უწყების საიტზე უკვე აღარ იძებნება ინფორმაცია, თუ რამდენით შემცირდა პირობით მსჯავრდებულთა რიცხვი არჩევნების შემდეგ.

ევროპული საქართველოს წევრის, ირაკლი აბესაძის, მიერ პრობაციის სააგენტოს საიტიდან აღებული მონაცემებით ირკვევა, რომ სამ თვეში პირობითი მსჯავრის მქონე პირთა რაოდენობა 4000-ით შემცირდა. 2018 წლის ოქტომბერში ქვეყანაში 20 790 პრობაციონერი იყო, არჩევნების პირველი და მეორე ტურის შემდეგ კი, დეკემბერში, ეს რიცხვი 16 910-მდე შემცირდა.

ოპოზიცია ეჭვობს, რომ პირობითი მსჯავრდებულების რიცხვის შემცირება არჩევნებს უკავშირდება. პრობაციონერის სტატუსის მოხსნა კი მოსყიდვის ერთგვარი ფორმა იყო, რომელსაც ქართული ოცნება სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებისთვის იყენებდა.

პრობაციის ეროვნული სააგენტო იუსტიციის სამინისტროს ექვემდებარება. თეა წულუკიანი ამბობს, რომ არჩევნებს პრობაციონერების რიცხვის შემცირება დროში დაემთხვა და ამომრჩევლის მოსყიდვას არ უკავშირდება. თუმცა, თეა წულუკიანი მთავარ კითხვას, რატომ წაშალეს მონაცემები ვებგვერდიდან, არ პასუხობს.

ოცნების ხელისუფლების პირობებში ყველაზე მეტი პრობაციონერი 2014 წლის იანვარში იყო, პირობით მსჯავრს 7415 მოქალაქე იხდიდა, ამის შემდეგ ეს რიცხვი მუდმივად იზრდებოდა, ოქტომბერში 20 ათასზეც კი ავიდა, თუმცა, წინასაარჩევნო პერიოდში ისევ შემცირდა. 

დღის ამბები