19 აპრილი 2024,   19:44
ვრცლად
დაგროვებითი პენსიის კანონის გაუქმებას მოქალაქეების ნაწილი პეტიციაზე ხელმოწერით ითხოვს

იძულებითი საპენსიო რეფორმა მოსახლეობამ "ახალ გადასახადად" უკვე მონათლა - საზოგადოება ფიქრობს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას გადასახადი კანონდარღვევით გაუზარდა.  ამიტომაც, დაგროვებითი პენსიის საკითხი შესაძლოა, მალე ისევ პარლამენტის დღის წესრიგში დადგეს.

დაგროვებითი პენსიის კანონის გაუქმებას მოქალაქეების ნაწილი პეტიციაზე ხელმოწერით ითხოვს. ავტორები თვლიან, რომ რეფორმის ამუშავებით ხელისუფლებამ ახალი გადასახადი შემოიღო და კანონიც ნაჩქარევად შეიქმნა. იმისათვის, რომ ხალხის ხმამ პარლამენტამდე მიაღწიოს, 100 ათასი ხელმოწერაა საჭირო.

პეტიციას ეთანხმება დამსაქმებელთა ასოციაცია. ორგანიზაციაში, რომელიც 2 ათას კომპანიას აერთიანებს, ამბობენ, რომ რეფორმის ამუშავებისთანავე უამრავი ტექნიკური პრობლემა შეექმნათ და დღემდე მათთვის გაუგებარია, სად და რამდენი უნდა გადარიცხონ. დამსაქმებელთა ასოციაცია საკითხის გარკვევამდე კანონის შეჩერების მომხრეა.

საპენსიო რეფორმის ამუშავებისთანავე პრობლემები შეექმნათ სადისტრიბუციო კომპანიებსაც, სადაც, ტექნიკურთან ერთად, პრეტენზია რეფორმის შინაარსობრივ ნაწილთანაც აქვთ. მათი შეფასებით, კანონი არაკონსტიტუციურია და ის ბიზნესს დამატებით გადასახადს აკისრებს.

პეტიციისა და საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის მიუხედავად, რეფორმის შეჩერებას საპენსიო სააგენტოში გამორიცხავენ. ლევან სურგულაძე ამბობს, რომ რეგისტრაცია უკვე 5000-მა კომპანიამ გაიარა და, თუ ვინმეს ტექნიკური პრობლემა აქვს, შეუძლია, სააგენტოს მიმართოს.

ბიზნესის წინააღმდეგობის მიუხედავად, საპენსიო რეფორმა პირველი იანვრიდან ამოქმედდა. დასაქმებულებს ხელფასიდან 2 პროცენტი უკვე ამ თვეში ჩამოეჭრებათ.

ამავე თემაზე
დღის ამბები