20 აპრილი 2024,   00:00
ვრცლად
დაკეტილი ტაძარი - ჯვრის მონასტრის მოსანახულებლად ტურისტებს რკინის ღობეზე გადაძრომა უწევთ

იუნესკოს მიერ აღიარებული მსოფლიო მემკვიდრეობის ოთხი ქართული ძეგლიდან ერთ-ერთის - ჯვრის მონასტრის, სანახავად ჩამოსულ ტურისტებს ეკალ-ბარდების გავლა და რკინის ღობეზე გადაძრომა უწევთ. უკვე მეორე დღეა, ტაძრის ჭიშკარი ბოქლომით არის დაკეტილი. მონასტრის წინამძღვარი ეკლესიაში არც ტურისტებს და არც მომლოცველებს არ უშვებს.

ტაძრის წინამძღვარი, კონსტანტინე ჯინჭარაული, მთელი დღის განმავლობაში კელიაში იყო. იღუმენს განმარტებები არ გაუკეთებია და არც გადაწყვეტილება შეუცვლია.

ტაძარში დღეს არც მცხეთის მერი შეუშვეს. გიორგი კაპანაძე ადგილზე იმის გასარკვევად მივიდა, თუ რატომ დაკეტა მეექვსე საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი სასულიერო პირმა.

მერი ამბობს, რომ გაოგნებულია, რადგან მეექვსე საუკუნის შემდეგ სასულიერო პირების მიერ ტაძარზე დადებული ბოქლომი ისტორიას არ ახსოვს.

დღეს წერილი ჯვრის მონასტრის საძმომ გაავრცელა, სადაც განმარტეს ის მიზეზი, რის გამოც უკვე 48 საათია, ტაძარი დაკეტილია. განცხადების თანახმად, ტაძრის დაკეტვის გადაწყვეტილება მოუგვარებელ კონფლიქტებს უკავშირდება.

წერილში ნათქვამია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასთან და ეკლესიასთან შეთანხმების გარეშე, გარემოვაჭრეებმა ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ავტოსადგომი დაიკავეს და უკანონო ვაჭრობა დაიწყეს.

საპირისპიროს ამტკიცებენ მცხეთის მერიაში, რომელიც უკვე წელიწადნახევარია, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ცდილობს, თუმცა, მუნიციპალიტეტს ამის უფლებას მღვდლები არ აძლევენ.

გარემოვაჭრეები კი, ვისაც მღვდლები უპირისპირდებიან, ამტკიცებენ, რომ ისინი არც გზის სავალ ნაწილს და არც ავტოსადგომს იკავებენ, მღვდლების არგუმენტები კი გამოგონილია.

დღის ბოლოს საპატრიარქომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ შექმნილი ვითარება გარევაჭრობის მოწესრიგებას უკავშირდება. საპატრიარქო მიმართავს ხელისუფლებას, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე ეს პრობლემა მოაგვაროს.

 

 

ავტორი: ნინო ვარძელაშვილი 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები