19 აპრილი 2024,   22:27
ვრცლად
დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული - თეიმურაზ კუპატაძე

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანია დაღუპული. ამის შესახებ განცხადება, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ გააკეთა.

მისი ინფორმაციით, გარდაცვლილებს შორის არ არიან არასრულწლოვნები.

„გარდაცვლილია სამი ადამიანი, რაც შეგვიძლია გითხრათ დადასტურებულად, რამდენიმე არის დაშავებული, რომლებიც არის გადაყვანილი სხვადასხვა საავადმყოფოში. ამ ეტაპზე მეტი ინფორმაციის მოცემა არ შეგვიძლია, მიმდინარეობს სამაშველო სამუშაოები, კორპუსი მთლიანად არის ევაკუირებული. საფრთხე არავის სიცოცხლეს მეტი არ ემუქრებათ,“ - განაცხადა კუპატაძემ.

კუპატაძის თქმით, ერთი ადამიანი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, რომლის ჯანმრთელობაც ამ დროისთვის დამაკმაყოფილებელია.

არსებული ინფორმაციით, სამი ბავშვია გადაყვანილი იაშვილის კლინიკაში, რომლებსაც სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვთ მიღებული.

დღის ამბები