19 აპრილი 2024,   00:13
ვრცლად
დიდ დიღომში დატრიალებული ტრაგედიის მეორე დღე - "L ჯგუფი" პასუხისმგებლობას "ყაზტრანსგაზს" აკისრებს

ტრაგედიიდან 24 საათის შემდეგ ავთანდილის ქუჩის 8 ნომერი ისევ ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული. საგამოძიებო მოქმედებების პარალელურად, დღეს კორპუსის ბინადრებს მოლოდ რამდენიმე წუთით ჰქონდათ საკუთარ სახლში შესვლის საშუალება.

წინაწარი ინფორმაციით, ავთანდილის 8 ნომერში ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. ადგილობრივების ინფორმაციით, დღის პირველ ნახევარში მათ გაზის მკვეთრი სუნი იგრძნეს და „ყაზტრანსაგზ-თბილისის“ წარმომადგენლები გამოიძახეს. ადგილზე მოსულმა კომპანიის თანამშრომლებმა კი საეჭვო ვერაფერი შეამჩნიეს და ტერიტორია მალევე დატოვეს.

აფეთქების შედეგად დაღუპული 36 წლის ნათია ციცვიძის და მისი 4 წლის შვილის ცხედარი მთაწმინდაზე მდებარე სახლში რამდენიმე საათის წინ მიასვენეს.

მომხდართან დაკავშირებით კი სამშენებლო კომპანია „L ჯგუფის ”დამფუძნებელი სრულ პასუხიმგებლობას „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ აკისრებს. გრიგოლ ჭანტურია აცხადებს, რომ „ყაზტრანსგაზმა“ კორპუსში ბუნებრივი აირის სისტემის მონტაჟი გასულ წელს დაასრულა და კონტრაქტის მიხედვით, „L ჯგუფმა“ სამუშაოებში 78 ათასი ლარი გადაიხადა.  

ერთ-ერთი ვერსიით, ბუნებრივი აირის გაჟონვა კორპუსის მეექვსე სართულზე ერთ-ერთ დაკეტილ ბინაში მოხდა, სადაც საღამოს ბინის მეპატრონის მეგობარი მივიდა და კარი გააღო. სავარაუდოდ, შუქის ანთებას ძლიერი აფეთქება მოჰყვა. ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ 34 წლის მამაკაცი მეექვსე სართულიდან გადავარდა. მისი ცხედარი ადგილობრივებმა კორპუსის ეზოში იპოვეს.

ავთანდილის 8 ნომერში დღეს დილიდან სპეციალისტები შენობის მდგრადობას ამოწმებენ. პირველადი დასკვნის მიხედვით, ადგილობრივები საკუთარ სახლებში დაბრუნებას სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებენ.

სამართალდამცველების კითხვებს დღეს დილიდან სამშენებლო კომპანია „L ჯგუფის“ დირექტორი და „ყაზტრანსაგზ-თბილისის“ თანამშრომლები პასუხობდნენ.

ტრაგედიის ადგილას დღის მეორე ნახევრიდან სამაშველო სამსახურმა გაწმენდითი სამუშაოები დაიწყო. პარალელურად, ადგილზე ექპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისს“ კი მომხდართან დაკავშირებით ტრაგედიიდან 24 საათის შემდეგაც კომენტარი არ გაუკეთებია.

ამავე თემაზე
დღის ამბები