18 აპრილი 2024,   09:20
ვრცლად
2 თვე ფონიჭალის ტრაგედიიდან - გარდაცვლილი დედა-შვილი, უსახლკაროდ დარჩენილები და გამოუძიებელი საქმე 

კიდევ ერთი ტრაგედია, რომელმაც 6 თვის ჩვილის და ახალგაზრდა ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა - ფონიჭალის ტრაგედიიდან 2 თვის თავზე ადგილიდან გარდაცვლილებისა და დაზარალებულების ნივთები ჯერ კიდევ არ გაუტანიათ. სადარბაზო მოსახლეობისგან დაცლილია და ბინების ნაწილში გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტრაგედიის დროს 24 წლის ქალი 6 თვის ჩვილთან ერთად ნანგრევებში მოჰყვა და გარდაიცვალა. მთლიანად განადგურებულია 15 საცხოვრებელი. 

ფონიჭალაში ძლიერი აფეთქება 15 ნოემბერს მოხდა. ბუნებრივი აირის გაჟონვას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. გამოძიება მაშინვე დაიწყო, თუმცა უკვე ორი თვეა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ტრაგედიაში დამნაშავე პირები ჯერ ვერც გამოავლინა და ვერც დასაჯა. პოლიციაში "კურიერს" უთხრეს, რომ ექსპერტიზის პასუხობს ელოდებიან.

ტრაგედიის შემდეგ ზემო ფონიჭალის 23-ე კორპუსში შიშით ცხოვრობენ. ადგილობრივების თქმით, აფეთქების შემდეგ "ყაზტრანსგაზიდან" მათთან არავინ მისულა და არც მილები შეუმოწმებიათ. აქ დღემდე არავინ იცის, არის თუ არა უსაფრთხო გაზგაყვანილობა.

რატიანების 7 სულიანი ოჯახი ფონიჭალის აფეთქებისას დაზარალდა. ახლა ისინი ვარკეთილში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ოჯახი ფონიჭალაში გამაგრებითი სამუშაოების დასრულებას ელოდება და არ აქვთ კონკრეტული პასუხი, როდის დაბრუნდებიან სახლში.

რატიანების მსგავსად, უსახლკაროდ 2 თვის წინ მომხდარი აფეთქების შემდეგ 29 ოჯახი დარჩა. მათი ნაწილი სასტუმროებში, ნაწილი კი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. კრწანისის გამგებელი ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოები ორ თვეში უნდა დასრულდეს.

გამგეობა კორპუსის აღდგენას, შინაგან საქმეთა სამინისტრო კი გამოძიებას აგრძელებს. 

 

დღის ამბები