“ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორ თანამშრომელს, რომელებმაც ტრაგედიის დღეს ავთანდილის 8 ნომერი შეამოწმეს, ხელბორკილები სამართალდამცველებმა კომპანიის ოფისში დაადეს. ბრალდებულთა დაპატიმრების გადაწყვეტილება გამოძიებამ 2-დღიანი დაკითხვებისა და საგამოძიებო მოქმედებების შემდეგ მიიღო.
„ყაზტრანსგაზის“ თანამშრომლებმა აფეთქების დღეს დაახლოებით, 20-წუთიანი დათვალიერების შემდეგ კი ტერიტორია დატოვეს და საეჭვო ვერაფერი ნახეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ ობიექტი არაჯეროვნად შეამოწმეს.
დაკავებულები თავს უდანაშაულოდ ცნობენ და ამბობენ, რომ შემოწმებითი სამუშაოები არაჯეროვნად არ შეუსრულებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ორი თანამშრომელი დააკავა, კომპანია წერილობით განცხადებაში ცდილობს, მოიხსნას პასუხისმგებლობა მომხდარ ტრაგედიაზე. წერილში ნათქვამია, რომ სპეციალისტებს ადგილზე პრობლემა არ დახვდათ და კორპუსის მცხოვრებლებმა ხელმოწერით დაადასტურეს, რომ ავთანდილის 8 ნომერში ბუნებრივი აირი არ ჟონავდა.
კომპანიის ამ განცხადების გამო, სამართლებრივი დავის დაწყებას აანონსებს დიდი დიღმის მოსახლეობა, მათი მტკიცებით ხელი არანაირ დოკუმენტზე არ მოუწერიათ. „ყაზტრანსგაზის“ წინააღმდეგ დამოუკიდებელ სარჩელს ამზადებს სამშენებლო კომპანია „L ჯგუფის” ხელმძღვანელობაც.
დაკავების შემდეგ საგამოძიებო ექსპერიმენტი სავარაუდო დამნაშავეების მონაწილეობით შემთხვევის ადგილზე უკვე ჩატარდა.
გამოძიება ისევ გრძელდება და სამართალდამცველები ექსპერტიზის დასკვნებს ელოდებიან, რათა დადგინდეს რეალურად, რა გარემოებებმა განაპირობა ძლიერი აფეთქება.