18 აპრილი 2024,   17:32
ვრცლად
გაზმომარაგების პოლიტიკური სკანდალი - "გაზპრომთან" ხელშეკრულება ამოიწურა, ახალ პირობებს კი კვლავ გრიფი ადევს

"გაზპრომთან" ხელშეკრულება კვლავ გადასახედია - ორი წლის წინ კრემლის ენერგო გიგანტისთვის დათმობებზე წასვლა და სომხეთში გაზის ტრანზიტის რუსული პირობებით განხორციელება საქართველოს დღემდე აზარალებს.

პრემიერმა ამ თემაზე მხოლოდ მას შემდეგ ისურვა განცხადების გაკეთება, რაც კითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს. მთავრობის მეთაურის პასუხიდან გაირკვა, რომ რუსულ მხარესთნ მოლაპარაკება არც დაწყებულა და არც არავინ იცის, როდის და რა პირობებით გაიმართება კონსულტაციები.

ენერგეტიკის სფერო ახლა ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, რუსეთთან მოლაპარაკებებს მოსკოვიდან რამდენიმე თვის წინ სამშობლოში ეკონომიკის მინისტრად დაბრუნებული გიორგი ქობულია უნდა აწარმოებდეს. ქობულიამ "კურიერთან" ინტერვიუზე უარი თქვა და საუბარი არც ტელეფონით ისურვა. 

კონტრაქტს, რომლის საფუძველზეც სომხეთს საქართველოს გავლით ბუნებრივი აირი მიეწოდება, მოქმედების ვადა 2018 წლის 31 დეკემბერს ამოეწურა. 

ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლების მიერ გაზპრომთან საქართველოსთვის წამგებიანი პირობებით ხელშეკრულება 2017 წლის დასაწყისში გაფორმდა. როდესაც საქართველო დათანხმდა მოსკოვის მოთხოვნას და უარი თქვა, ქვეყანას სომხეთში გატარებული აირის 10 % მიეღო.

რუსეთი საქართველოს აირის ტრანსპორტირებისთვის ნაღდ ფულს უხდის, თუმცა ღირებულება ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე წინა წლებში. მთავრობის ოპონენტებს ეჭვი აქვთ, რომ გაზპრომი საქართველოს ისევ კაბალურ პირობებზე ევაჭრება.

დღის ამბები