19 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
"მეხუთე დღეა, აქ ვართ... საჭმელი ძალიან ძვირია, ფული თითქმის გაგვითავდა" - მძღოლები კობი-გუდაურის მონაკვეთზე გზის გაგრძელებას ვერ ახერხებენ

„ჩაკეტილია, 5 დღეა, აქ ვართ. გვპირდებიან, რომ დღეს უნდა გაიხსნასო და ვნახოთ,“ - ასე ეხმაურებიან კობი-გუდაურის მონაკვეთზე ჩარჩენილი მძღოლები ადგილზე შექმნილ მდგომარეობას.

ძლიერი თოვის გამო, კობი-გუდაურის მონაკვეთზე სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება აკრძალულია.

ტრაილერის მძღოლები ამბობენ, რომ მეხუთე დღეა, გადაადგილებას ვერ ახერხებენ და ამ დრომდე ოფიციალური ინფორმაცია არა აქვთ, როდის შეძლებენ გზის გაგრძელებას.

„5 დღეა, აქ ვართ. თურქეთიდან ტვირთი მიმაქვს მოსკოვში. არავინ არ ჩანს,  არც არაფერს გვეუბნევიან. კიდევ რამდენი დღე უნდა ვიყოთ აქ, უცნობია. საჭმელიც ძალიან ძვირია და საწვავი, თითქმის, გვითავდება. აქ ირგვლივ არაფერია,“ - ამბობს ერთ-ერთი მძღოლი.

დიდი გამავლობის ავტომანქანების მძღოლები გზის გაწმენდას ელოდებიან და ამბობენ, რომ პრობლემები ექმნებათ, რადგან დანიშნულების ადგილზე ტვირთის დროულად ჩატანას ვერ ახერხებენ.

„ერევანიდან მოსკოვში მიმაქვს კონიაკი. აქ ვართ მეხუთე დღეა. მანამდე ვიდექით რამდენიმე დღე ქვემოთ. არავინ არ მოდის და არაფერს გვეუბნება. საჭმელი ძალიან ძვირია, ფული თითქმის გაგვითავდა, საწვავზე აღარ ვლაპარაკობ,“ - აცხადებს ერთ-ერთი მძღოლი.

დღის ამბები