20 აპრილი 2024,   16:26
ვრცლად
"იმედი მაქვს, რომ ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე" - მეუფე პეტრე მეუფე სპირიდონის ბრალდებებს პასუხობს

შეურაცხმყოფელი განცხადებები და დაპირისპირება ამბიონიდან - ჭყონდიდელი მიტროპოლიტი მეუფე სპირიდონის ბრალდებებს ერთიანობისკენ მოწოდებით პასუხობს.

მეუფე პეტრეს ნათლისღების ქადაგების დროს მთავარ ეპისკოპოსი არ უხსენებია, თუმცა, მეუფე სპირიდონის შეურაცხმყოფელ განცხადებებს რუსთავი2-თან ინტერვიუში უპასუხა.

„მეუფეს, მე ვფიქრობ, რომ ამომწურავად ჩემი გულისტკივილი ჩემს წერილობით მიმართვაში დავუფიქსირე და როგორც ვწერ წერილში, რომ იმედია, რომ ეს ძღვენი არ იქნება უარყოფილი მისი მხრიდან და შეურაცხყოფილი და იმედი მაქვს, რომ ეს გულისტკივილით და ღვთის მადლით დაწერილი ჩემი მამხილებელი წერილი მისთვის იქნება მარცვალი ნოყიერ ნიადაგზე დავარდნილი და არა გზასა ზედა და ეკალ-ბარდებსა ზედა. მე ვფიქრობ, რომ ამან უნდა გამოიღოს, ამ მხილებამ და მოწოდებამ, ნაყოფი და იმედს ვიტოვებ, რომ ასე მოხდება,“ - აცხადებს ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე პეტრე (ცაავა).

მაღალმთიანი აჭარის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა ჭყონდიდის ეპისკოპოსს,  რომელიც საეკლესიო იერარქიით მასზე მაღლა დგას, შეურაცხყოფა მიაყენა. მან მეუფე პეტრეს ჯერ "უგუნური" უწოდა, შემდეგ კი ეკლესიის გახლეჩვაში დაადანაშაულა.

მთავარეპისკოპოს სპირიდონის გაღიზიანება მეუფე პეტრეს სატელევიზიო ინტერვიუმ გამოიწვია, სადაც მან, ციანიდის საქმის გამო, პატრიარქი გააკრიტიკა და თქვა, რომ მწყემსი კეთილის მითი დაიმსხვრა.

მეუფე სპირიდონის შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო მეუფე პეტრემ საეკლესიო სასამართლო მოითხოვა. საგანგებო წერილში, რომელიც ჭყონდიდის ეპისკოპოსმა გამოაქვეყნა, ის სპირიდონის დასჯას ითხოვს და საქმის გარჩევაში ჩართვას მეზობელ ეპარქიებს ურჩევს. 

დღის ამბები