18 აპრილი 2024,   12:15
ვრცლად
თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას - მაია ბითაძე

თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას.

ამის შესახებ განცხადება თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, გააკეთა. 

„გვინდა, გამოვეხმაუროთ სასტუმრო ბუდაპეშტის დირექტორის, გიორგი ზაქაიძის, განცხადებას, რომლის მიხედვით, სასტუმროს მშენებლობა დედაქალაქის მთავარ პარკს ზიანს არ მიაყენებს. ჩვენ გვესმის კერძო მესაკუთრის ბიზნესინტერესები - კომპანიამ სასამართლოს ყველა ინსტანცია მოიგო, მაგრამ საკითხი ქალაქის სასარგებლოდ, კონსენსუსის გზით უნდა გადაწყდეს. თბილისის მერმა უკვე ისაუბრა ამის შესახებ და კატეგორიულად მიუღებელია ინვესტორის მხრიდან გაკეთებული საპასუხო განცხადებები. მოლაპარაკებების გზით ყველაფერს გავაკეთებთ, რომ თითქმის 9-სართულიანი 30-მდე მეტრის მქონე სასტუმრო ნაგებობა არ განთავსდეს პარკის ტერიტორიაზე, რაც არის დაუშვებელი,” - აღნიშნა მაია ბითაძემ.

თბილისის მერის მოადგილემ მადლობა გადაუხადა სამოქალაქო აქტივისტებს, რომელთაც დიდი როლი შეასრულეს სასტუმროს მშენებლობის პროცესის გარკვეული დროით შეჩერებაში.

 

დღის ამბები