25 აპრილი 2024,   14:19
ვრცლად
12 წლის ბავშვის ცხედარი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, აფრიკის დასახლებაში იპოვეს

12 წლის ბავშვის ცხედარი, რამდენიმედღიანი ძებნის შემდეგ, აფრიკის დასახლებაში იპოვეს.

ოჯახი მას ორი დღის განმავლობაში ეძებდა. ბავშვი საცხოვრებელი სახლიდან 3 კილომეტრში, აფრიკის დასახლებაში გუშინ იპოვეს.

12 წლის გიგა ბაგაშვილის ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს და მშობლების დასახმარებლად ბავშვი ჯართს ხშირად აგროვებდა.

წინასწარი ინფორმაციით, ის თხრილში სწორედ ჯართის მოსაგროვებლად ჩავიდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა და ბავშვი ქვეშ მოიყოლა.

ქაღალდების ქარხნის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები და ერთ-ერთ თხრილში იპოვეს მოზარდი. სწორედ ქაღალდების ქარხნის ტერიტორიასთან ჰყავს მოზარდი დაფიქსირებული კამერებს ბოლოს.

ბავშვის იდენტიფიცირება ველოსიპედით შეძლეს, რადგან ის ამით გადაადგილდებოდა. აქვე იპოვეს სხვადასხვა ხელსაწყო, რის დახმარებითაც ჯართს ეძებდა. ზუსტად რა გახდა ბავშვის გარდაცვალების მიზეზი, ამას ექსპერტიზა დაადგენს.

„ჩანაწერი ვნახეთ, ველოსიპედით გამოიარა და ბოლო ხე რომ დგას შემოღობილთან, იმ ადგილას გააჩერა ის ველოსიპედიც. წერაქვი და ნიჩაბი ჰქონდა, რაც ვნახეთ, დანარჩენი იქ არაფერი არ ჩანს,“ - ამბობს ადგილობრივი.

12 წლის ბიჭის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროდან მის საცხოვრებელ სახლში ცოტა ხნის წინ გადაასვენეს. 

წინასწარი ინფორმაციით, 12 წლის მოზარდის გარდაცვალების მიზეზი მიწის ჩამოშლა გახდა, რამაც მოზარდი ქვეშ მოიყოლა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები