"სასტუმრო ბუდაპეშტი აშენდება კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით," - ეს განცხადება სასტუმრო ბუდაპეშტის დამფუძნებელმა თბილისის მერის საპასუხოდ გააკეთა.
გოგა ზაქაიძის თქმით, მათ კანონის სრული დაცვით წარადგინეს პროექტი, მაგრამ მიუხედავად ამისა, მერიამ აქტივისტების ჯგუფის პრეტენზიები გაითვალისწინა.
ზაქაიძე აღნიშნავს, რომ პროექტით გათვალისწინებული სასტუმრო პარკს არანაირ ზიანს არ აყენებს.
„ქალაქის მერი გამოდის და აკეთებს განცხადებას, რომ ის გადაწყვეტილება, რომელიც სასამართლომ მიიღო და განჩინება ვერ აღესრულება. იქიდან გამომდინარე, რომ მოსახლეობის რაღაც გარკვეული ნაწილი არის კერძო საკუთრების აშენების წინააღმდეგი, ქალაქის მერი აძლევს თავის თავს უფლებას, რომ ჩვენ აგვიკრძალოს იქ მშენებლობა, სადაც ჩვენ გვეკუთვნის კანონით, რაც დაამტკიცა სასამართლომ. ჩვენ ეს ტერიტორია შევიძინეთ კანონიერად, რაც სასამართლომ დაამტკიცა. ჩვენ ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვა მივიღეთ კანონიერად და ახლა ხელმეორედ სასამართლომ დაავალა და მოგვცა ისევ მშენებლობის ნებართვა. არც ერთი ხის მოჭრა იქ არ ხდება, არც ერთი გზის გაყვანა, არც ერთი კომუნიკაციისთვის რაღაცის გათხრა იქ არ ხდება,“ - განაცხადა გოგა ზაქაიძემ.
დღესვე სასტუმროს მეპატრონეს განცხადებას პარტიზანი მებაღეები გამოეხმაურნენ.
„უსინდისო ინვესტორი იქამდე გვეყოლება, მანამ გვეყოლება უსინდისო მერია, რომელიც გასცემს უსინდისო ნებართვებს. ჩვენი ინტერესი არის ის, რომ ჩვენ შვილებს უნდოდეთ ამ ქალაქში ცხოვრება და არ უნდოდეთ გაქცევა. არ გვემართებოდეს კიბო, არ გვეცემოდეს მშენებლობიდან აგური თავზე და ა.შ. პრეტენზია გვაქვს მერიასთან, პრეტენზია გვაქვს მაია ბითაძესთან, რომელიც თვალებს პრუწავს და ამბობს, რომ მას არ უნდა, რომ ეს აშენდეს და მოგვიწოდებს მოქალაქეებს, რომ ვიყოთ ჩართული. მოქალაქეები ისედაც ჩართულები ვართ,“ - აცხადებს ნატა ფერაძე.
თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, განაცხადა, რომ თბილისის მერია ყველა ბერკეტს გამოიყენებს, რათა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა არ დაუშვას.