მუნიციპალური ავტობუსების შესაძენად გამოყოფილი 97 მილიონი ლარი - ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დამფუძნებლები ქართულ ოცნებას დიდი ფულს სწირავენ.
სასამართლო დავას ჯითი გრუპის წინააღმდეგ ინტერ ავტოთრეიდინგის წარმომადგენლები იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ სატენდერო კომისია ორჯერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ არ შეცვლის.
კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელსაც თბილისში ავტობუსების შემომყვანი კომპანია უნდა გამოევლინა, გამარჯვებულად ისევ ჯითი გრუპი დასახელდება.
ინტერ ავტოთრეიდინგი, რომელიც ამავე ტენდერში მონაწილეობდა, კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში უკვე მეორედ ასაჩივრებს. ამის მიზეზი ჯითი გრუპის მიერ მთავარი სატენდერო მოთხოვნის დარღვევაა. ამ მოთხოვნის მიხედვით კომპანიას უნდა წარედგინა საბუთი, რომ ავტობუსები, რომელსაც ის თბილისში შემოიყვანს, ევროკავშირში უკვე აპრობირებულია.
კომპანია ავტოთრეიდიგნის წარმომადგენლები, სატენდერო კომისიას ტენდენციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ჯითი გრუპის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ.
ჯითი გრუპისთვის ავტობუსების შემყვანის ტენდერი ერთადერთი არ არის, რომელშიც კომპანიამ გაიმარჯვა. ბოლო წლებში ამავე კომპანიის სასარგებლოდ ტენდერები 252-ჯერ დასრულდა და ბიუჯეტიდან თითქმის 2 მილიონ ნახევარი ლარი მიიღო.
ჯითი გრუპის დამფუძნებლების საეჭვო კავშირებზე ოპოზიცია საუბრობს.
ლევან ხაბეიშვილის მიერ წარდგენილი დოკუმენტებით დასტურდება, რომ ჯითი გრუპის დამფუძნებლები ქართული ოცნების მსხვილი შემომწირველები არიან.
ჯითი გრუპი დირექტორი, ლევან გოგსაძე, ქართული ოცნების დეპუტატის - ბექა ოდიშარიას, ქვისლია. მან ოცნებას 2016 წელს 37 950 ლარი შესწირა.
შემომწირველებს შორისაა თემურ უსტიაშვილი, რომელმაც ოცნების ანგარიშზე 2016 წელს 60 ათასი ლარი ჩარიცხა.
კომპანიის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, გიორგი გველესიანმა, კი მმართველი პარტიის ანგარიშზე ყველაზე მეტი თანხა გადარიცხა - 120 ათასი ლარი - 60 ათასი 2016 წლის არჩევნებზე, 60 ათასი კი სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად.
რის საფუძველზე იღებს სატენდერო კომისია ქართული ოცნების შემომწირველების კომპანიების სასარგებლო გადაწყვეტილებებს, ამის შესახებ საუბარი თბილისის მერს არ სურს. კახა კალაძე კურიერის კითხვებს კიდევ ერთხელ გაექცა.
საბოლოო გადაწყვტილება სატენდერო კომისიამ 3 დღეში უნდა მიიღოს. თუ კომისია ჯითი გრუპს კვლავ გამარჯვებულად გამოაცხადებს, ავტოტრეიდინგის იურისტები ახალ სარჩლს უკვე სასამართლოში შეიტანენ.