24 აპრილი 2024,   15:06
ვრცლად
კრიმინალური გარჩევა სამართალდამცველებს შორის - ვანის პოლიციის უფროსის მოადგილე პროკურორების ცემაშია მხილებული 

პოლიციელებისა და პროკურორების სისხლიან დაპირისპირება ვანში - შობის ღამეს ვანის რესტორანში სამართალდამცველებს შორის ჩხუბი მოხდა. პოლიციის უფროსის მოადგილემ, კობა დვალიშვილმა, რაიონის პროკურორები რესტორან მასპინძელოში დაჰპატიჟა. სუფრასთან სიტუაცია მოულოდნელად აირია, როდესაც მაგიდასთან მსხდომი დაახლოებით 15 ადამიანი ქუჩაში გავიდა და საქმის გარჩევა დაიწყო.

პოლიციის უფროსის მოადგილე, რომელიც პროკურორების ცემაშია მხილებული, სამართალდამცველ უწყებებამდე მხედრიონის რიგებში ირიცხებოდა.

კრიმინალური წარსულის მქონე პირის დანიშვნა შინაგან საქმეთა სამინისტროში ხალხისთვის ვანში მოულოდნელობა იყო. 2012 წლის შემდეგ აქ მოსახლეობა რეკეტის ქვეშ ცხოვრობს. კობა დვალიშვილის ყველას ეშინია და მასზე საუბარს ერიდებიან. ვანში პოლიციელებისა და პროკურორების სისხლიან დაპირისპირებაზე ღიად არავინ ლაპარაკობს. 

ოპოზიციის ინფორმაციით, სიტყვიერი შელაპარაკების დროს პროკურორს, გრიგოლ კერძევაძეს, დვალიშვილისთვის მისი კრიმინალური წარსულიც შეუხსენებია, რასაც უკვე ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა.

ადასტურებენ იმასაც, რომ ეს დვალიშვილის მხრიდან მსგავსი მეთოდებით მუშაობის პირველი შემთხვევა არ არის, თუმცა, მას ხელს ვერავინ ჰკიდებს.

ოპოზიციის ინფორმაციით, ვანის პოლიციის უფროსის მოადგილის რეკომენდატორი მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ლილუაშვილია და დვალიშვილი მისი დაცვით სარგებლობს.

ვანის კლინიკაში დაადასტურეს, რომ ჩხუბიდან მალევე კობა დვალიშვილი მიმღებ განყოფილებაში მივიდა, მაგრამ მისი სტაციონარში დატოვება საჭირო არ გახდა და პოლიციელმა კლინიკა მალევე დატოვა.

ინციდენტის გახმაურების შემდეგ ორივე უწყებამ შინაგან საქმეთა სამინისტრომაც და პროკურატურამაც განცხადებები გაავრცელეს და საზოგადოებას ამცნეს, რომ გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო და გამოძიების დასრულებამდე ჩხუბში მონაწილე ორივე მხარეს უფლებამოსილება შეუჩერდა. თუმცა, კურიერმა გაარკვია, რომ ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, პროკურორი კერძევაძე სამსახურში ჩვეულებრივად დადის და თათბირებსაც ესწრება.

ოპოზიციის შეფასებით, ეს არის იმ პოლიტიკის შედეგი, რასაც ხელისუფლება და უშუალოდ ბიძინა ივანიშვილი სამართალდამცავ სტრუქტურებში ნერგავს.

 

 

დღის ამბები