18 აპრილი 2024,   08:41
ვრცლად
თერჯოლის მთავარ გზაზე დაცვის პოლიციის მანქანა ჩაცხრილეს

5 იანვარს თერჯოლის მთავარ გზაზე დაცვის პოლიციის მანქანა ჩაცხრილეს. ლევან დალაქიშვილმა ავტომობილს რამდენჯერმე ესროლა. ადგილზევე მყოფ პოლიციას სროლის ხმა საახალწლო ფოიერვერკში აერია, შემდეგ კი სამართალდამცველები მიხვდნენ, რომ ცეცხლი მათ გაუხსნეს და სამინისტროს კუთვნილი ავტომობილი ჩაცხრილული იყო.  

შემთხვევის ახლოს მდებარე მაღაზიის მფლობელი კურიერთან ყვება, რომ დანაშაულზე პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია და ტერიტორია მალევე დატოვეს. თანაც ისე, რომ შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული კამერების ჩანაწერებიც არ ამოუღიათ და არ დაინტერესებულან, ვინ იყო პირი, რომელმაც ხალხმრავალ ადგილზე პოლიციის მისამართით რამდენჯერმე ისროლა.

რატომ არ მოახდინეს რეაგირება გასროლაზე სოფელ ახალ თერჯოლასთან, ამ კითხვაზე საუბარი არ სურთ სამართალდამცველებს, რომელებიც შემთხვევის თვითმხილველებიც და დაზარალებულებიც იყვნენ.

ლევან დალაქიშვილი პოლიციის მანქანის დაზიანების შემდეგ სოფელ ჩხარში ავიდა, იქ მცხოვრები სამართალდამცველის, ვასო აბულაძის, სახლთან მივიდა და მისი მისამართით ცეცხლი გახსნა. ამ დროს სახლში პოლიციელი, მეუღლესთან და 5 წლის შვილთან ერთად, იყო. რამდენჯერმე ნასროლი ტყვია ამჯერადაც ავტომობილს მოხვდა. დამნაშავემ კი გაქცევა მოახერხა.

პოლიციაზე თავდასხმაში ბრალდებული ლევან დალაქიშვილი წარსულში ნასამართლევია. 5 იანვარს სამართალდამცველების მანქანის ჩაცხრილვასაც მასსა და პოლიციელ ვასო აბულაძეს შორის არსებულ პირად კონფლიქტს უკავშირებენ.

სოფლის მოსახლეობა ყვება, რომ ლევან დალაქიშვილს, რომელმაც ციხე საპრეზიდენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე დატოვა, მფარველობდნენ და არ აკავებდნენ. მიზეზად კი წინასაარჩევნო პერიოდში დალაქიშვილის მმართველი პარტიის სასარგებლოდ აქტიურობას ასახელებენ.

კურიერს წყარო უყვება, რომ ლევან დალაქიშვილის დაკავების გადაწყვეტილება თერჯოლის პოლიციის მაღალჩინოსნებმა მხოლოდ მას შემდეგ მიიღეს, რაც სოფელში მოსახლეობაც და დაზარალებული სამართალდამცველებიც, დამნაშავეების დაუსჯელობის გამო, უკმაყოფილებას ღიად გამოთქვამდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაციითაც, დალაქიშვილი მომხდარიდან მეშვიდე დღეს - 11 იანვარს, აიყვანეს.

გამოძიება დაკავებული ახალგაზრდის წინააღმდეგ ნივთის დაზიანებისა და პოლიციელზე განხორციელებული მუქარისა და ძალადობის ფაქტებზე მიმდინარეობს. 

დღის ამბები