მუნიციპალური ტრანსპორტის შესაძენად გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით შაბათის კურიერს ანონსის გასვლის შემდეგ ჯითი გრუპი დაუკავშირდა.
ჯითი გრუპის დირექტორი, ლევან გოგსაძე, ტენდერში მონაწილე კომპანიის ავტოტრეიდინგის ბრალდებებს პასუხობს.
ავტოტრეიდინგის წარმომადგენლების თქმით, ეს არის მხოლოდ მიღება-წარმოების აქტი, რაც ტენდერის მოთხოვნას არ აკმაყოფილებს.
გოგსაძე აცხადებს, რომ მის კომპანიას დარღვევით დოკუმენტები არ წარუდგენია.
„მოთხოვნილ იყო, რომ მწარმოებელს უნდა ჰქონოდა გამოცდილება და მიწოდებული ევროკავშირის ტერიტორიაზე 10 ერთეული ავტობუსი. ეს იყო უბრალოდ მოთხოვნილი. ეს ჩვენ წარვადგინეთ, მიღება-ჩაბარების აქტი წარვადგინეთ, საბაჟო დეკლარაციები წარვადგინეთ მეორე ჯერზე, შემდეგ დაზუსტების ეტაპზე. პირველივე გასაჩივრებისთანავე, მართალი რომ გითხრათ, ცოტა უცნაური იყო ის გადაწყვეტილება, რომ დამატებით მოგვთხოვეს იმიტომ, რომ ის, რაც წარდგენილი გვქონდა, ეს აბსოლუტურად საკმარისი იყო უკვე სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად,“ - განაცხადა გოგსაძემ.
ლევან გოგსაძე ქართული ოცნების დეპუტატის, ბექა ოდიშარიას, ქვისლია. მან ოცნებას 2016 წელს 37 950 ლარი შესწირა.
გოგსაძემ ამასთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ მისთვის მმართველი გუნდის პოლიტიკა მისაღებია.
„მე, პირადად, წინა არჩევნებზე, ეს იყო საპარლამენტო არჩევნები, შეწირული მაქვს 60 ათასი ლარი და ეს ჩემი პოლიტიკური გემოვნება არის, ეს ჩემი უფლება არის, ვარ ამ პარტიის მხარდამჭერი და მეტი არაფერი... წინა ხელისუფლებისთვის პირადად თანხა არ შემიწირავს მე, პარტნიორებსაც შეწირული არა აქვს, მაგრამ კომპანიას შეწირული აქვს წინა ხელისუფლებისთვის თანხა,“ - ამბობს გოგსაძე.
სასამართლო დავას ჯითი გრუპის წინააღმდეგ ინტერ ავტოთრეიდინგის წარმომადგენლები იმ შემთხვევაში გეგმავენ, თუ სატენდერო კომისია ორჯერ მიღებულ გადაწყვეტილებას ისევ არ შეცვლის.
კომისიის მიერ მიღებულ დოკუმენტში წერია, რომ სატრანსპორტო კომპანიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში, რომელსაც თბილისში ავტობუსების შემომყვანი კომპანია უნდა გამოევლინა, გამარჯვებულად ისევ ჯითი გრუპი დასახელდება.
ინტერ ავტოთრეიდინგი, რომელიც ამავე ტენდერში მონაწილეობდა, კომისიის გადაწყვეტილებას დავების საბჭოში უკვე მეორედ ასაჩივრებს. ამის მიზეზი ჯითი გრუპის მიერ მთავარი სატენდერო მოთხოვნის დარღვევაა. ამ მოთხოვნის მიხედვით, კომპანიას უნდა წარედგინა საბუთი, რომ ავტობუსები, რომელსაც ის თბილისში შემოიყვანს, ევროკავშირში უკვე აპრობირებულია.
კომპანია ავტოთრეიდიგნის წარმომადგენლები სატენდერო კომისიას ტენდენციური გადაწყვეტილების მიღებაში ადანაშაულებენ და ჯითი გრუპის დისკვალიფიკაციას მოითხოვენ.