ოპოზიცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს ეხმაურება. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე გახარიას კლანის გაძლიერებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ალექსანდრე ხოჯევანიშვილი, რომელიც შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო, სუს-ის უფროსის მოადგილედ სწორედ ამ მოტივით გადაიყვანეს.
ბარამიძის განცხადებით, სუს-ში დაწყებული გადაადგილებები მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.
„ივანიშვილი ემზადება უკვე საპარლამენტო არჩევნების გასაყალბებლად. შესაბამისად, მას სჭირდება ჯერ კიდევ რუსეთიდან მოყოლებული ძალიან გამოცდილი კადრი, რომელსაც ეყრდნობა რუსეთში პოლიტიკა, ფული, კრიმინალი. სპეცსამსახურები გადაჯაჭვულია და ეს ადამიანი აი, ამ პროცესში ივანიშვილის გვერდით იდგა და ნათელია, რომ ეს გადაადგილება სწორედ ემსახურება გახარიას გაძლიერებას, როგორც ივანიშვილის კრიმინალური დაჯგუფების ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ფიგურა დღეს. ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა ვიყოთ მზად. ნათელია, რომ გახარია ის კადრია და, შესაბამისად, ივანიშვილის სურვილი დარჩეს ხელისუფლებაში, იმდენად დიდია, რომ ყველაფერზე წამსვლელია ეს ადამიანი,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
„ევროპულ საქართველოში“ კი მიიჩნევენ, რომ სუს-ში განხორციელებული საკადრო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირდება. სერგო რატიანის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ვერ გაამართლა ის მოლოდინი, რაც ბიძინა ივანიშვილს ჰქონდა.
„ივანიშვილის კარზე რომელი მინისტრი ძლიერდება, ეს არის ნამდვილად მეორე ხარისხოვანი თემა იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რომ ნებისმიერი მინისტრი, პრემიერმინისტრიდან დაწყებული და ჩვეულებრივი მინისტრით დამთავრებული, ივანიშვილის ნების გამოვლენის შემდეგ შეიძლება გაქრეს ნახევარ საათში. პრემიერმინისტრები გამქრალან ისე, რომ გვარიც არ ახსოვს ბევრს. ამდენად, მთავარი არის ის, რომ სუს-მა ვერ დააკმაყოფილა ის მოლოდინები, რაც ჰქონდა ივანიშვილს არჩევნების დროს და რაღაც გადაადგილებებს იწყებს. ამ შემთხვევაში გახარიას გავლენები, თითქოს, იზრდება, მაგრამ ეს ნამდვილად მეორე ხარისხოვანია,“-განაცხადა სერგო რატიანმა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ გრიგოლ ლილუაშვილი დაინიშნა. ის ბოლო ერთი წლის განმავლობაში სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. ამ პოსტზე კი ალექსანდრე ხოჯევანიშვილი გადაიყვანეს, რომელიც მანამდე შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსი იყო.