20 აპრილი 2024,   04:13
ვრცლად
"ყაზტრანსგაზის" დაკავებული თანამშრომლების ადვოკატები საქალაქო სასამართლოს განჩინებას გაასაჩივრებენ

დიდ დიღომში მომხდარი აფეთქების საქმეზე სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდებით დაკავებულების ადვოკატი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ორგანოში გაასაჩივრებს. "ყაზტრანსგაზის" თანამშრომლებს, თორნიკე ტატიშვილსა და ვაზელ მამადიანს პირველი ინსტანციის სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

თავად ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ ცნობენ და ამბობენ, რომ საფუძვლიანად შეამოწმეს დიდ დიღომში მდებარე ის კორპუსი, სადაც მათი წამოსვლიდან რამდენიმე საათში ძლიერი აფეთქება მოხდა.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ადგილზე მისვლის დროს კორპუსში გაზის სუნი არ იყო. მისი თქმით, ბუნებრივი აირის გაჟონვა არც შესაბამისმა ხელსაწყოებმა დააფიქსირეს.

„მე ვერ მოვისმინე სასამართლოსგან დასაბუთება. გამოძახება იყო მხოლოდ სადარბაზოზე. მათ შეამოწმეს მისვლისთანავე. არ იყო სუნი, შესაბამისი აპარატითაც მოხდა შემოწმება და აპარატმა ნული აჩვენა. აქედან გამომდინარე ეჭვის საფუძველი აღარ გაუჩნდათ. არც თვითონ მოსახლეობა არ უთითებდა, რომ კონკრეტულად მეექვსე სართულზე იყო, მეშვიდე სართულზე,“- განაცხადა ადვოკატმა, თამარ ჯაფარიძემ.

ბრალდების მხარის მტკიცებით კი, საქმეში დევს ათობით მოწმის ჩვენება და მათ შორის არიან, როგორც „ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენლები, ასევე იმ კორპუსის მცხოვრებლები, სადაც აფეთქება მოხდა.

დიდ დიღომში მდებარე კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, რვა კი დაშავდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები