25 აპრილი 2024,   12:24
ვრცლად
"ბავშვი, ფაქტობრივად, გაქრა" - ლიბიაში 23 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებენ

ლიბიაში 23 წლის ქართველ მეზღვაურს ეძებენ. დავით რაზმაძე ლიბიის დროშის ქვეშ მცურავი ხომალდის "დოგან ბეიდან" 7 იანვარს გაუჩინარდა. გემი ლიბიის ნავსადგურში იდგა. დაკარგული მეზღვაურის ოჯახს მომხდარი მხოლოდ ერთი კვირის შემდეგ შეატყობინეს.

დავით რაზმაძის დაკარგვა მისმა თურქმა შემცვლელმა აღმოაჩინა და ადგილობრივ პოლიციას მიმართა. საქმეში ქართული მხრიდან ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო და საზღვაო პოლიცია. დავით რაზმაძემ ლიბიის გემზე მუშაობა სამი თვის წინ დაიწყო.

„7-ში დაიკარგაო, მწერს კომპანია. ჯერ მომწერს, მერე დამირეკეს. ახლა არის გემი ლიბიაში. მე ამბავი გამაგებინეს 14 იანვარს. ჩაერია ლიბიის პოლიცია, მერე აქ, შინაგან საქმეთა სამინისტროში განცხადება დავწერე. ბავშვი, ფაქტობრივად, გაქრა, არც ცოცხალი არ იციან, არც მკვდარი. არაფერი არ ვიცით,“-  განაცხადა დავთ რაზმაძის ბიცოლამ, ნინო ლაბაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიიღეს. სააგენტოს ხელმძღვანელის, თამარ იოსელიანის განცხადებით, სააგენტო დეტალების დადგენას ამ დრომდე ცდილობს. მისი განმარტებით, სამუშაოები განახლდა. 

„დღეს განვაახლეთ ისევ სამუშაოები. ლიბიაში არ არის სტაბილური სიტუაცია. განახლდა საომარი მოქმედებები და, შესაბამისად, ჩვენ სახელმწიფოს რაც კი შესაძლებლობა აქვს იმისთვის, რომ დაადგინოს ქართველი მეზღვაურის ადგილსამყოფელი, ყველაფერი გამოყენებული გვაქვს,“ - განაცხადა თამარ იოსელიანმა.

დღის ამბები