19 აპრილი 2024,   14:20
ვრცლად
სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებელობა - ინვესტორსა და კალაძეს შორის მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა

სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობის ბედი ისევ გაურკვეველია. მერიაში მოლაპარაკება ინვესტორსა და კახა კალაძეს შორის უშედეგოდ დასრულდა.

ტერიტორიის კერძო მესაკუთრის განცხადებით, მას უვადო სპეცნებართვა ჯერ კიდევ 2013 წელს ააქვს აღებული, თუმცა ამის მიუხედავად, მერია მშენებლობის გაგრძელების ნებართვას მაინც არ იძლევა.

„მერია არის საზოგადოების მცირე ნაწილის ზეწოლის ქვეშ, გადასულები არიან ისევ ძველებურად ხელების გადაგრეხვაზე. ნარმანიას შემდეგ იგივეს აკეთებენ ესენიც. არ აქვთ არანაირი უფლება, რომ ჩვენ მშენებლობის ნებართვა არ გაგვიგრძელონ და არ მოგვცენ იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს 2013 წელს აღებული მშენებლობის ნებართვა, უფრო სწორად, ჩვენმა კომპანიამ იყიდა მიწა მშენებლობის ნებართვიანად, პროექტი შევიძინეთ. 2013 წლის მშენებლობის ნებართვა თავის სპეცნებართვით ჩვენ გვაქვს აღდგენილი სასამართლოს მიერ განჩინებით და დავალებული აქვს ქალაქ თბილისის მერიას, რომ ჩვენ ეს მშენებლობის ნებართვა აღგვიდგინოს, გაგვაგრძელებინოს. დღეს მერია მეუბნება, რომ მე მშენებლობის ნებართვა არ მაქვს, არადა, რეალურად ჩვენ გვაქვს მშენებლობის ნებართვა აღებული,“- აცხადებს მესაკუთრე, გიორგი ზაქაიძე.

თბილისის მერიაში ადასტურებენ, რომ კერძო კომპანიას სპეციალური ნებართვა აქვს, თუმცა ამბობენ, რომ პროექტის მიხედვით, დაგეგმილი მშენებლობის უფლებას ამ ეტაპზე არ მისცემენ. მერიასა და კერძო კომპანიას შორის დავა შესაძლოა, საერთაშორისო სასამართლოში გაგრძელდეს.

„ავტომატურ რეჟიმში ამის კუთვნილება, ალბათ, არ იქნება სწორი, მაგრამ რაღაც გარკვეული პროცედურის საფუძველზე ამ ნებართვის გაცემის რეჟიმში მერია აუცილებლად ჩავარდება, თუ ეს კომპანია გააკეთებს მომართვას. ეს არის უვადო აქტი, რომელიც დღეს ძალაშია და ამ ადამიანს ხელში უჭირავს. ამის საფუძველზე მას მშენებლობის მოთხოვნის უფლება აქვს და მას აქვს უფლება, მოითხოვოს 30 მეტრიანი სასტუმროს მშენებლობა ვაკის პარკში,“- აცხადებს თბილისის ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე.

დღის ამბები