19 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
"დროებით უკან დახევა" - არასამთავრობოები მოსამართლეთა თვითაცილებას ეხმაურებიან

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნას არასამთავრობო სექტორი დადებითად აფასებს.

მესამე სექტორის წარმომადგენლები გამორიცხავენ, რომ მოსამართლეობის კანდიდატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოების პროტესტის გაზიარების გამო მიიღეს.  

გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების თქმით, ახლა მნიშვნელოვანია, რომ ახალი კრიტერიუმები შემუშავდეს და კლანური მმართველობის მსურველებს არ მიეცეთ, უვადოდ გამწესების შესაძლებლობა.

10 მოსამართლის ერთობლივი გადაწყვეტილება არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას“ თავმჯდომარის, გიორგი მშვენიერაძისთვის ერთგვარი უკან დახევის სტრატეგიაა.

„ამ გადაწყვეტილების მიზანი არის უკან დახევა დროებით, რომ შემდგომ, საბოლოოდ მაინც კლანმა მოახერხოს უზენაეს სასამართლოში თანამდებობის დაკავება, ამიტომ, ჩვენი ბრძოლა ამით არ დასრულებულა, ბუნებრივია. ჩვენი ბრძოლა არის იმისკენ, რომ საქართველოს პარლამენტში, ისევე როგორც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებობდეს ნათელი და ცხადი პროცედურები, რომლითაც შეირჩევა კანონით გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისი კანდიდატები,“ - ამბობს მშვენიერაძე.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სრული მობილიზების აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას, რათა თავიდან აიცილონ სასამართლოში კლანური მმართველობა. 

„ეს არ არის დიდი გამარჯვება, ეს არის მხოლოდ ერთი ნაბიჯი გამარჯვების მიმართულებით გადადგმული. დღეს მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ყველა ჯგუფის მობილიზაცია მოხდეს იმისთვის, რომ ის კლანი, რომელიც სასამართლოშია, მან აღარ ითარეშოს სასამართლოში და მათ დატოვონ თავიანთი თანამდებობა,“ - განაცხადა ეკა გიგაურმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მიერ თვითაცილების მოთხოვნის შესახებ ცნობილი დღეს გახდა. 10-ვე კანდიდატმა პარლამენტს მათი კანდიდატურების აცილების მიზნით მიმართა. 

დღის ამბები