25 აპრილი 2024,   20:16
ვრცლად
„გახარია არის იმ ადგილზე, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას“ - სოფო კილაძე

„ბატონი გიორგი გახარია არის სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას,“ - ეს განცხადება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.

სოფო კილაძის თქმით, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადა, რომ პროცესს ბოლომდე მიიყვანს. მისი განცხადებით, თუკი რაიმე ცვლილება იქნება, ამის შესახებ საზოგადოება, პირველ რიგში, მმართველი გუნდისგან შეიტყობს.

სოფო კილაძე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა იგეგმება, ამბობს, რომ  გახარია კარგი შს მინისტრია და დაკისრებულ მოვალეობას თავს კარგად ართმევს. 

„ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა, თუ სწორად მახსოვს, ბრძანა, რომ ერთ წელში ის ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს და ჯერ არის გასული მხოლოდ ერთი თუ ორი თვე. ამიტომ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს წინ და, შესაბამისად, ის სიახლე, რომელსაც მიიღებს ჩვენი გუნდი და რომელიც იქნება გადაწყვეტილი გუნდში, აუცილებლად საზოგადოებას მოვახსენებთ. ბატონი გიორგი გახარია არის ძლიერი შინაგან საქმეთა მინისტრი და ბატონი გიორგი გახარია არის სწორედ იმ ადგილზე, სადაც ის ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ძალიან კარგად ართმევს თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობას. დანარჩენი გადაწყვეტილებები, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ თუ რაიმე გადაწყვეტილება იქნება ზოგადად მიღებული გუნდში, ამაზე საზოგადოებას პირველი ჩვენ ვამცნობთ,“ - აცხადებს სოფო კილაძე.

მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე, დავით მათიკაშვილი ამბობს, რომ შიდა გადაადგილება აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივაა და გადაწყვეტილებასაც ის მიიღებს. 

„აღმასრულებელ ხელისუფლებაში შიდა გადაადგილება არის აღმასრულებელი ხელისუფლების პრეროგატივა, პრემიერის პრეროგატივა, ასე რომ ეს მისი საქმეა... ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ პარტიის თავმჯდომარე ყველა არსებულ პირობას, რაც იქნა გაცემული, აუცილებლად შეასრულებს და ეს არის მომავლის საქმე. დღესდღეობით ეს ყველაფერი არ ხდება, შიდა გადაადგილება არის შიდა გადაადგილება, რაც შეეხება რადიკალურ ცვლილებებს, ამის შესახებ ნამდვილად არანაირი ინფორმაცია არ მაქვს,“ - განაცხადა დავით მათიკაშვილი.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნება - სოციალ-დემოკრატების” თავმჯდომარის მოადგილე, ბექა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ქვეყანას ზოგადად ეკონომიკური პოლიტიკის ცვლილება სჭირდება. 

„აქ კონკრეტულ პიროვნებებზე არ არის საუბარი, სჭირდება თუ არ სჭირდება სამთავრობო ცვლილება, არამედ სჭირდება შეიძლება ქვეყანას ზოგადად ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკის ცვლილება, რომ სახელმწიფომ აიღოს მეტი პასუხისმგებლობა ეკონომიკაში და ზოგადად უნდა დავანებოთ მცირე მთავრობაზე ფიქრს თავი იმიტომ, რომ მცირე მთავრობა არაფრის მომტანი არ არის,“ - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მედიაში გავრცელებული ცნობით, გიორგი გახარიას პრემიერმინისტრის პოსტზე დანიშვნა იგეგმება. პრესა აქტიურად წერს მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებაზე. "კვირის პალიტრის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა მინისტრის პრემიერად დანიშვნაზე უკვე მიღებული აქვს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები