24 აპრილი 2024,   00:22
ვრცლად
თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რიცხვი და საფრთხე უვიზო მიმოსვლას - ევროპელი დიპლომატები გამოსავალს ეძებენ

საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილი რიცხვის გამო, 6 ევროპული ქვეყანა საგონებელშია.

ფრანგი დიპლომატი კურიერს უყვება, რომ გაზრდილია შენგენის წევრი ქვეყნების რიცხვი, სადაც ქართველები დევნილის სტატუსის მიღებას ცდილობენ. მისი თქმით, ვინც თავშესაფარს ვერ იღებს, ხშირ შემთხვევაში, ორგანიზებულ დანაშაულში ერთვება.

კითხვაზე, თუ ასე გაგრძელდა, ხედავენ თუ არა უვიზო მიმოსვლის შეჩერების საფრთხეს, ფრანგი დიპლომატი ამბობს , რომ ასეთი მექანიზმის გამოყენება თეორიულად ევროკავშირს შეუძლია.

ყველაზე რთული მდგომარეობა შვედეთშია, სადაც სახლების ძარცვის ყოველ მეორე შემთხვევაში ქართველები ფიგურირებენ.

საბოლოოდ, დიპლომატებმა გადაწყვიტეს, რომ შს მინისტრს შეხვდნენ და თავად უთხრან, რომ მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ირკვევა, თავშესაფრის მაძიებელთა პრობლემაზე საუბარი ბრიუსელში სალომე ზურაბიშვილისა და ევროკომისარ ჰანის შეხვედრაზეც იყო.

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ადასტურებს, რომ ეს პრობლემა ნამდვილად დგას, თუმცა, შეჩერების მექანიზმის ამოქმედებაზე საუბარი არ არის.

ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყნის წინსვლას ვერ უზრუნველყოფს და სახელმწიფო ინსტიტუტების არასათანადო რეაგირებამ შესაძლოა ვიზალიბერალიზაციას საფრთხე რეალურად შეუქმნას.

შენგენის წევრი სახელმწიფოების ელჩები საქართველოში პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ. მათ შეხვედრა შინაგან საქმეთა მინისტრთან ამ კვირაში უნდა ჩანიშნონ.

დღის ამბები