19 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
4 წლის გოგონას, რომელმაც სადეზინფექციო ხსნარი დალია შესაძლოა ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს 

4 წლის გოგონა, რომელმაც საბავშვო ბაღში სადეზინფექციო ხსნარი დალია იაშვილის კლინიკაში რჩება. ექიმები ცდილობენ დაადგინონ საყლაპავი მილის რომელიც ხარისხის დამწვრობა აქვს მას მიღებული. მედიკოსების ინფორმაციით, არ არის გამორიცხული ბავშვს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.

„ბავშვს უჭირდა სითხეების მიღებაც. ასე გრძელდებოდა პირველი ორი დღე. დღეს შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესებულია. სითხეებს ღებულობს. ხვალისთვის დაგეგმილი გვაქვს საყლაპავის ვიზუალიზაცია. ნარკოზის ქვეშ დათვალიერდება საყლაპავი. დავადასტურებთ  საყლაპავის არსებობას ან არარსებობას. თუ დამწვრობა იქნება მის ხარისხს შევაფასებთ და შემდეგ უკვე  ჩამოვყალიბდებით მკურნალობის შემდგომ ტაქტიკაზე. თუ პირველი ხარისხი იქნა კონსერვატიული მკურნალობით პაციენტს გავწერთ ბინაზე. თუ მეორე და ზემო ხარისხები იქნა  რა თქმა უნდა პაციენტს უკვე გადავცემთ ქირურგებს იმიტომ, რომ დასჭირდება საყლაპავის ბუჟირების ჩატარება და შემდგომი მკურნალობა,“-განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ტოქსიკოლოგმა ოთარ რუსაძემ.

შემთხვევა, ბათუმში #31 საბავშვო ბაღში მოხდა. საბავშვო ბაღის დირექტორის ინფორმაციით, ბავშვი სამზარეულოში შევიდა და წყალი ითხოვა. ამ დროს კი ძიძა ადგილზე სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებდა. მან ხსნარი გვერდით გადადო და ბავშვისთვის წყლის ასავსებად მიტრიალდა, რა დროსაც გოგონამ სითხე დალია.

მომხდარზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის124-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

დღის ამბები