ოჯახი, სადაც 4 წლის გარდაცვლილი გოგონა მინდობით იზრდებოდა პირველ განმარტებას აკეთებს. ბავშვის დროებითი აღმზრდელები ამბობენ, რომ სოციალური სამსახურიდან გუშინ დაუკავშირდნენ და ბავშვის გარდაცვალების ამბავი შეატყობინეს, მიზეზად კი დედის მხრიდან ძალადობა დაუსახელეს.
4 წლის გოგონას დროებითი აღმზრდელები არ ეთანხმებიან ვერსიას, რომ გოგონა აგრესიული იყო და ხშირად ტიროდა. ოჯახი ამბობს, რომ სამი წლის განმავლობაში ბავშვთან მათ არანაირი პრობლემა არ ჰქონიათ. ბავშვი მათთან, როგორც აცხადებენ, 3 წლისა და 6 თვის განმავლობაში იზრდებოდა.
“ჩემიდან რომ წავიდა ბავშვი, მე მეტი არაფერი არ ვიცი. სოციალურიდან დამირეკეს და მითხრეს, რომ ბავშვი გარდაიცვალა და დედამ სცემა, ესე მითხრეს. ბავშვს არანაირი პრობლემა რ ჰქონდა, მინდა გითხრათ, იყო ჯანმრთელი, ნორმალურად მიდიოდა ზრდა-განვითარება. წყალში საათობით იჯდა ბავშვი და თამაშობდა. პირს, ხელებს თვითონ იბანდა ბავშვი. რომ შევიყვანდი თვითონ მიუშვერდა და ძალიან უხაროდა, თან თამაშით იბანდა. მე ვერ ვიტყვი, რომ ბავშვი ან გონებრივად იყო ჩამორჩენილი. ეს ჩვენი ოჯახის ძალიან დიდი ტრაგედიაა, იმიტომ რომ მე ბავშვი სამწლინახევრამდე გავზარდე,“ - ამბობს 4 წლის ნინოს აღმზრდელი.
დროებითი აღმზრდელი ამბობს, რომ გოგონა სიცოცხლით სავსე და მხიარული ბავშვი იყო.
„ერთად ვჭამდით, ვასეირნებდი, დავდიოდით ერთად, ისე იცინოდა გულიანად, იმის იოლად ყურება არ შეიძლებოდა. გაოცებული ვარ რატომ, როგორ, რა მოხდა არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით. ნამდვილად არ ველოდი ესეთ ამბავს. ძალიან გულიანი ბავშვი იყო, სიცოცხლე უყვარდა,“ - ამბობს ბავშვის აღმზრდელი მამა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.
რაც შეეხება გარდაცვლილი მცირეწლოვანის დედას, ლელა ქსოვრელი გუშინ, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე პრიმა მუხლით დააკავა, რაც შემაკავებელი ან დამცავი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობას გულისხმობს.
ოთხი წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მას ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება. როგორც მეზობლები ამბობენ, დედა და მამინაცვალი ბავშვს ხშირად სცემდნენ. ძალადობის ერთ-ერთი შემთხვევის დროს ადგილზე გამოძახებულმა პოლიციამ ბავშვის დედას შემაკავებელი ორდერი გამოუწერა.
4 წლის გარდაცვლილი გოგონას დედას ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ლელა ქსოვრელთან წინასწარი დაკავების იზოლატორში ადვოკატი უკვე შევიდა.