23 აპრილი 2024,   21:53
ვრცლად
სოციალური სახლი, რომლის ასაშენებლადაც ქუთაისის მერიამ 4 მილიონი დახარჯა, ინგრევა

ახლადაშენებული სოციალური სახლი ქუთაისში ნაწილებად იშლება. კორპუსი სახელმწიფოს 4 მილიონი ლარი დაუჯდა, თუმცა კედლები ჩამოინგრა, ჭერი ჩამოვარდა, ლიფტი ამორტიზებულია, ფანჯრები არ იღება, შენობაში გაზი არ არის, სასმელი წყალი კი მხოლოდ დღეში ორი საათით მოდის.

სახელმწიფო ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შენობის რეალური ღირებულება ორი მილიონ 400 ათასზე მეტი არ არის და კომპანიას, რომელმაც სოციალური საცხოვრის ააშენა, მერიამ მილიონ 600 ათასი ლარით მეტი მისცა.

სკანდალური დასკვნა „ქუთაისი პოსტმა“ მოიპოვა. დოკუმენტებით ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ფული მოიპარეს, მერიამ სამშენებლო კომპანიას იმაზე მეტი გადაურიცხა, ვიდრე ეკუთვნოდა, შემდეგ კი, სავარაუდოდ, თანხის ნაწილი მაღალჩინოსნებამდე მივიდა.

გაფლანგული ფულის გამო სუს-მა გამოძიება დაიწყო. საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის მთავარი მტკიცებულება სახელმწიფო ექსპერიტიზის დასკვნაა. „კურიერის“ ინფორმაციით, ქუთაისის სოციალურ სახლთან დაკავშირებით გამოძიებას მთავარი კითხვები ქუთაისის ყოფილ მერთან, შოთა მურღულიასთან აქვს.

ქუთაისის ყოფილი მერის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საგამოძიებო უწყებებმა საცხოვრისის საქმე დაივიწყეს, მცდარია. „კურიერის“ ცნობით, საქმეზე ინტენსიურად იკითხება სხვადასხვა პირი, მათ შორის დაკითხულია კომპანია „სანოს“ დირექტორი, რომელმაც საცხოვრისზე ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარება მოითხოვა.

ქუთაისის სოციალურ საცხოვრისზე არსებობს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაც, თუმცა არის თუ არა მოკვლეული მასალები გაგზავნილი პროკურატურაში, უცნობი რჩება. 

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები