20 აპრილი 2024,   15:08
ვრცლად
„ხელისუფლება ხელს ვერ დაიბანს" - ოპოზიცია ყარაბაღის ომის მონაწილის ძეგლის ახალქალაქში დადგმას აფასებს

ახალქალაქში ყარაბაღის ომის მონაწილის, მიხაილ ავაქიანისთვის ძეგლის დადგმას ოპოზიცია ეხმაურება. ფაქტს აზერბაიჯანის მწვავე რეაქცია უკვე მოჰყვა. "ნაციონალურ მოძრაობაში" ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ არ დაუშვას ეთნიკური დაპირისპირება და საკითხი დროულად მოაგვაროს.

„საქართველო, რომელიც ყოველთვის ინარჩუნებდა მშვიდობას ეთნიკურ ნიადაგზე და მით უმეტეს არასდროს არ ყოფილა დაპირისპირება სომხებსა და აზერბაიჯანელებს შორის, რაღაცნაირად ამ შარში გაებას და აი, ამ თემასთან დაკავშირებით დაძაბულობა წამოიქმნას ან ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის ან ჩვენსა და სომხეთს შორის. ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ. ამისთვის არსებობს სახელმწიფო, ამისთვის ჰყავს ქვეყანას სუს-ი, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სტრუქტურა, სადაც 4 ათასი კაცი მუშაობს და კონსტიტუციური უსაფრთხოების სტრუქტურები, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ, რომ ასეთი დაძაბულობის კერები საქართველოში არავითარ შემთხვევაში არ შეიქმნას,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ "ევროპულ საქართველოშიც". ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" ვერ აიცილებს პასუხისმგებლობას.

„ხელისუფლება ვერ დაიბანს ვერანაირად ხელს ამ ძალიან მძიმე ფაქტის გამო. მათ არ გაუვათ დუმილის უფლების გამოყენება. მათ უნდა განუმარტონ საზოგადოებას. განმარტებები უნდა მისცენ, რატომ მონაწილეობდა მათი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლები ამ ტიპის ღონისძიებაში. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებლობა,“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები