23 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
ბრალდებული ძმები ჩახვაშვილები პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებენ

ოზურგეთის რაიონული სასამართლოში ლანჩხუთში მცხოვრები ძმების, ჩახვაშვილების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. გამოძიება, რომელსაც პროკურატურა აწარმოებს, ძმებს ლანჩხუთის პოლიციელებზე თავდასხმასა და ლანჩხუთის "მედალფას" კლინიკის ექიმის ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება.

ბრალდებულები ბრალს სრულად არ აღიარებენ და პროკურატურას მოწმეებზე ზეწოლასა და ბრალის განზრახ დამძიმებაში ადანაშაულებენ. ადვოკატის თქმით, რამდენიმე მოწმემ ზეწოლის შედეგად სასამართლოში ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა, ერთ-ერთმა კი ქვეყანა დატოვა. დაცვის მხარე საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს. 

„მას შემდეგ, რაც თქვენი ტელევიზიით გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაშას არ უშვებდნენ და შემოვარდა პოლიცია და ეს ყველაფერი რაც თქვენ გააჟღერეთ, მას შემდეგ მოგვცეს იმის საშუალება, რომ ლაშა მისულიყო სასამართლო პროცესზე,“ - ამბობს ლაშა ცინცაძის მეუღლე, მარია მოსიძე.

ადვოკატი აცხადებს, რომ გამოძიებას საქმეში მხოლოდ პოლიციელების ჩვენებები აქვს, რაც საქმის ფალსიფიცირებას ამტკიცებს.

„მტკიცებულებათა გამოკვლევის შედეგად ჩვენ ვამხილეთ ბრალდების მხარე მათ მიერ წაყენებული ბრალდების უსუსურობაში. ეს ბრალდება არ არის გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. არ არის დაცული ის სტანდარტი, რომელიც აუცილებელია გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. ფალსიფიცირებულია საქმეში არსებული მტკიცებულებები,“- აცხადებს ადვოკატი, მარლენ კაზანჯი.

პროკურატურა სამ ძმას სისხლის სამართლის კოდექსის 253-ე პრიმა და 239-ე მუხლებით ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სამივეს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

„ვიმედოვნებთ, გამოიკვლია უკვე სასამართლომ ჩვენ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ერთობლიობით დადასტურდება, რომ ნამდვილად მათ მიერ არის დანაშაული ჩადენილი და გამოტანილი იქნება გამამტყუნებელი განაჩენი,“- აღნიშნავს საქმის პროკურორი, მამუკა ნადირაძე.

 

დღის ამბები