20 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
ჩვენი პოზიცია კორუფციასთან მიმართებაში არის პრინციპული - თალაკვაძე წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებაზე

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარის დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ეხმაურება.

თალაკვაძის თქმით, ხელისუფლებისთვის კორუფცია ნებისმიერ დონეზე მიუღებელია. მმართველი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი ანტიკორუფციულ სამსახურს უკომპრომისო ბრძოლაში მხარდაჭერას უცხადებს.

„ჩემთვისაც ცნობილი გახდა ამ ფაქტის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ გვქონდა სხდომა. ადამიანურად, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სამწუხარო, რომ კონკრეტული ადამიანი, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენს, თუნდაც ადგილობრივი ხელისუფლების, არის ბრალდებული ამ მძიმე ფაქტის გამო, ადამიანურად, ეს არის, რა თქმა უნდა, სამწუხარო. სახელმწიფოებრივად, ჩვენი პოზიცია კორუფციასთან მიმართებაში არის ძალიან პრინციპული.

"ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ჩაერთვება კორუფციაში, რაც ნიშნავს, რომ ხალხის მიერ შეგროვილ გადასახადებს შეექმნება რაიმე კითხვის ნიშანი, შეექმნება რაიმე საფრთხე, ვინმე უკანონოდ მოკიდებს ხელს ან მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომელიც შეიძლება უკანონო სარგებლის საგანი გახდეს, ჩვენ გვექნება ამაზე პრინციპული რეაგირება, იმიტომ, რომ კორუფციის ფაქტებზე რეაგირება საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ხელისუფლების ნებისმიერ დონეზე ნიშნავს, რომ მომავალში, ასეთი რამის განმეორების საფრთხე იქნება მინიმალური. მე იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაში, საკრებულოს თავმჯდომარეს ექნება უზრუნველყოფილი სათანადოდ დაცვის უფლება და მე მაქვს მოლოდინი, რომ ის თავისი ადვოკატების საშუალებით თავის პოზიციას დაიცავს და, რა თქმა უნდა, საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ მისი ბრალეულობის შესახებ,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

წყალტუბოს საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარ კაბინეტში დღეს დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, მან ქრთამის სახით 250 ათასი ლარი აიღო. სუს-ის ცნობით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. 

დღის ამბები