20 აპრილი 2024,   03:33
ვრცლად
სკანდალური ბრალდებები - დათუნაშვილის თქმით, გეგეშიძემ მღვდელი მიუგზავნა და გაჩუმების სანაცვლოდ პრივილეგიებს დაჰპირდა

ევროპის ქართველი ჩემპიონი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრძოლას სასამართლოში გააგრძელებს. ზურაბ დათუნაშვილი ამტკიცებს, რომ მას თავდასხმის შემდეგ გეგა გეგეშიძემ მღვდელი მიუგზავნა და გაჩუმების სანაცვლოდ პრივილეგიებს დაჰპირდა.

მოჭიდავე, რომელიც ფედერაციის პრეზიდენტის მხრიდან ბლაგვი საგნით თავდასხმის მსხვერპლი გახდა, ამბობს, რომ არ აპირებს გეგა გეგეშიძესთან თანამშრომლობას და მის გადადგომას ისევ მოითხოვს.

პროტესტი ერთადერთი ფორმა არ იქნება, რომელსაც დათუნაშვილი მიმართავს, ის სამართლებრივ ბრძოლასაც აანონსებს.

გეგა გეგეშიძეს მოჭიდავეები ასევე თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ და გამოძიების დაწყებას მოითხოვენ. მწვრთნელმა, ზურაბ შელიამ ფედერაციიდან 25 დღის განმავლობაში გაცემული პრემიების შესახებ ინფორმაცია გაახმაურა. მარტო ფალავანთა კლუბის თავკაცს თვის განმავლობაში 26 ათასლარიანი პრემია აქვს აღებული.

48-საათიანი პატიმრობიდან გეგა გეგეშიძე ღამით გაათავისუფლეს, თუმცა ის ჭიდაობის ფედერაციაში დღეს არ გამოჩენილა. მის ნაცვლად კომენტარი საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა. გიორგი იანტბელიძის აზრით, მხარეები მოლაპარეკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს დღეებში ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება, სადაც მწვავე დაპირისპირებაზე უნდა იმსჯელონ.

ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც სპორტის სასახლეში მოჭიდავეზე ცივი იარაღით თავდასხმის კადრები "შაბათის კურიერმა" გაასაჯაროვა.

 

დღის ამბები