ოპოზიცია ერთი მილიონი ხელმოწერის შეგროვებას იწყებს - ამ შეთანხმებით დამთავრდა "რუსთავი 2-ის" ორგანიზებული კონფერენცია. მრგვალი მაგიდის გარშემო პოლიტიკური პარტიები, სამოქალაქო სექტორი და არასამთავრობო ორგანიზაციები 2020 წლის არჩევნების სამოქმედო გეგმაზე მსჯელობდნენ.
ოპოზიციის მთავარი მიზანი 2020 წლის არჩევნებამდე საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლაა, კონკრეტულად კი მაჟორიტარული სისტემის გაუქმება.
ამ გეგმას მხარს უჭერს, პრაქტიკულად, ყველა, „ქართული ოცნებისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ გარდა, რომლებიც დღეს „რუსთავი 2-ის" მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე არ იმყოფებოდნენ.
შეხვედრაზე მყოფი პოლიტიკოსებიდან ყველა შეთანხმდა, რომ ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოსაშორებლად ერთიანობაა საჭირო. თუმცა, როგორი იქნება ფორმატი, ეს განხილვის საკითხია. კოალიციის შექმნაზე პარტიების ნაწილი თანახმაა, თუმცა როდის მოხდება ეს, ამ საკითხზე მსჯელობა დაანონსდა.
კონფერენციაზე კიდევ ერთი მთავარი საკითხი, რომელიც პოლიტიკური დისკუსიის თემად იქცა, გამოხატვის თვისუფლების შესახებ კანონში „ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებია. მოსალოდნელი ცვლილებები საერთო შეთანხმებით უკვე შეფასებულია, როგორც ცენზურის დაწესების მცდელობა.