23 აპრილი 2024,   13:28
ვრცლად
ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტზე სკანდალური რეპორტაჟის ავტორის სახლს ესროლეს - "კურიერის" ჟურნალისტი თავდასხმის სამიზნე გახდა

"რუსთავი 2-ის" ჟურნალისტი თავდასხმის ობიექტი გახდა. სპორტის სასახლეში მომხდარი მწვავე დაპირისპირების შესახებ სკანდალური რეპორტაჟის ავტორის სახლს ესროლეს. დაზიანებულია კარი, ტყვიის გულა კი აივანზე იპოვეს. თბილისის ცენტრში, ქუჩიშვილის ქუჩაზე, დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში სამართალდამცველები და კრიმინალისტები დავით ერაძის სახლში იყვნენ მობილიზებული.

ახლა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა ვერაზე. იყო ეს ბრმა ტყვია, თუ გასროლა დამიზნებით, ვინ და რა მიზნით ისროლა "კურიერის" ჟურნალისტის სახლის მიმართულებით. თავად დავით ერაძე პოლიციის განყოფილებაში 2 საათის განმავლობაში პასუხობდა გამომძიებლების შეკითხვებს.

"კურიერის" ჟურნალისტი ამბობს, რომ ის პასუხებს საგამოძიებო უწყებისგან ელის და თავად ვერსიები არ აქვს.

"დილით აღმოვაჩინეთ ტყვიის გულა და მისგან დაზიანებული კარი, რაზეც უკვე მოვახდინეთ რეაგირება, დავრეკეთ 112-ში. პასუხს უკვე მოგვიანებით მივიღებთ. კითხვა, ვუკავშირებ თუა არა ამას ჩვენს საქმიანობას, აქაც დამისვეს, მაგრამ პასუხის არ მაქვს, ჯერჯერობით მე ვერაფერს დავუკავშირებ და არც მინდა დავუკავშირო რამეს. არ მინდა, დავიჯერო, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, რომ რაიმე ასეთი საფრთხის წინაშე შეიძლება დადგეს ჟურნალისტის თავის საქმიანობიდან გამომდინარე,“- ამბობს დავით ერაძე.

შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც იარაღისა და საბრძოლო მასალის​უკანონო შენახვა-შეძენას გულისხმობს.

დღის ამბები